26 დეკემბერი 2024,   17:50
ვრცლად
კეთილი ნება თუ ულტიმატუმის ენით საუბარი - საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით "ოცნების" განცხადება ოპოზიციის კრიტიკის საგანია

კეთილი ნება თუ ულტიმატუმის ენით საუბარი - საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" განცხადება ოპოზიციის კრიტიკის საგანია. მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ ბარიერს ორ პროცენტამდე ჩამოწევს, თუმცა ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსზე დადებით პასუხს მიიღებს. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლება ბრიუსელთან დათქმებით საუბრობს, რაც ლოგიკას მოკლებულია და განცხადება პოლარიზაციის შემცირებას არ ემსახურება.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ პრაქტიკულად, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს ულტიმატუმი დაუწესა და ამ რიტორიკით საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კიდევ უფრო შორდება.

"პრაქტიკულად, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს ულტიმატუმი დაუწესა, თუკი ევროკავშირი საქართველოს მისცემს კანდიდატის სტატუსს, ამ შემთხვევაში ისინი გამოიჩენენ კეთილ ნებას და 2%-მდე დაწევენ ბარიერს, რაც არის აბსურდი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ევროკავშირს დამატებითი ულტიმატუმები წავუყენოთ და ამ რიტორიკითა და განცხადებით კიდევ უფრო აშორებენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას," - თქვა ბეჟაშვილმა.

პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანა ბუჩუკურის თქმით, ბარიერის საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა არ შეიძლება ეს ნებისმიერი მხარისთვის უპირველესი პრიორიტეტი იყოს.

"რა თქმა უნდა, საარჩევნო ბარიერის საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა არ შეიძლება ეს საკითხი იყოს ნომერი პირველი პრიორიტეტი ნებისმიერი მხარისთვის და არ შეიძლება, რომ უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელზეც ჩვენ კონკრეტული საშინაო დავალება გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან, გადაინაცვლოს და გახდეს მეორეხარისხოვანი, ასევე, კატეგორიულად მიუღებელი იქნება ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან - შემდეგ პარლამენტში შესვლა გაცვალოს იმ რეალური პრობლემების მოგვარებაში, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას," - თქვა ბუჩუკურმა

"რეფორმების ჯგუფის" წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ხელისუფლებამ პოლარიზაციის დასრულების და ნდობის აღდგენის ელემენტარული ტესტი ვერ ჩააბარა.

"მათ ვერ ჩააბარეს ეს ელემენტარული ტესტი, როდესაც პოლარიზაციის დასრულებაზე და ნდობის აღდგენაზეა საუბარი, ჩვენ ვიფიქრეთ რომ ეს თუ არ არის ლიტონი სიტყვები და თუ ამის უკან არის რეალური პოლიტიკური ნება, მოდი საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ, ამაზე გვიპასუხეს ულტიმატუმის ენით, დასავლეთს, ჩვენ, ყველას - ეს არის მათი სახე," - თქვა მანჯგალაძემ.

დღის ამბები