27 დეკემბერი 2024,   00:34
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ევროკომისიას - პრემიერი ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწოდებს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას გაემიჯნოს

საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკომისიას მოუწოდებს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას გაემიჯნოს, რადგან ის სპეკულაციების საშუალებას იძლევა. ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ წერილში ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელისგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში გამოთქმულ ბრალდებებზეც ითხოვს პოზიციის დაფიქსირებას. პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ დოკუმენტში ბევრი უზუსტობაა და რეზოლუცია მას და ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებს.

ღარიბაშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმად ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია. მთავრობის მეთაური ფონ დერ ლაიენს განუმარტავს, რომ ევროკომისიის პოზიცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობამ ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა შეინარჩუნოს. პრემიერის პოზიციას იზიარებს მმართველი გუნდიც. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კი ღარიბაშვილის ვრცელი წერილი "ქართული ოცნების" პოლიტიკური იმიჯის გადარჩენის მცდელობაა.

მიმართვის საფუძველი კი, ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია გახდა.

ევროპელი დეპუტატების მიერ მომზადებული დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილზე - მეტ კონკრეტიკას და სიზუსტეს ითხოვს მთავრობის მეთაური. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი წერს, ასეთი მიდგომა საქართველოს მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირების მცდელობაა, რასაც პრემიერის აზრით, ოპოზიციის ნაწილი საქართველოში პოლარიზაციის უფრო გასაღრმავებლად იყენებს.

რეზოლუციის შინაარსში მეტი სიცხადის შეტანას სახელისუფლებო გუნდი მხოლოდ იმიტომ არ ითხოვს, რომ ამით ნაწილობრივ ევროპული სტრუქტურების სანდოობა ზარალდება, არამედ იმისთვისაც, რომ ნაკლები სივრცე დარჩეს პოლიტიკური სპეკულაციისთვის.

პრემიერის წერილის შემდეგ დოკუმენტის ჩანაწერი არაფორმალურ მმართველობაზე შეურაცხმყოფელად შეაფასა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძის თქმით, წერილის ადრესატის მხრიდან რეზოლუციაზე მკაფიო პოზიციის მოსმენა საინტერესო იქნებოდა.

არასწორი დამოკიდებულებების და განწყობების გასანეიტრალებლად მთავრობის მეთაური ევროკომისიის პრეზიდენტს მკაფიო პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანი იქნებოდა, კომისია გამიჯვნოდა დოკუმენტის იმ ნაწილს, სადაც დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიცირება ხდება.

ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს დროულს უწოდებენ "ქართულ ოცნებაში". მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ყველა კითხვაზე, რომელიც შესაძლოა ევროპელ პოლიტიკოსებს ჰქონდეთ, სახელისუფლებო გუნდს არგუმენტირებული პასუხი აქვს.

პრემიერის წერილში პოლიტიკური და ნაკლებად ქვეყნის ინტერესი დაინახეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ის საკითხები, რაზეც რეზოლუციაშია საუბარი, თავადაც კარგად იციან. ბრალდებას კი, რომ რეზოლუცია პოლარიზაციას ერთგვარად ახალისებს, არ იზიარებენ.

სახელისუფლებო გუნდში მიაჩნიათ, რომ სიმართლის დაცვა არ შეიძლება გახდეს იმ კურსიდან გადახვევის მიზეზი, რასაც ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანება ჰქვია. ოპონენტების საპასუხოდ მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მათი პოზიციები ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას ვერ დააზიანებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რიგით მეორე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. გასულ კვირას მან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართა და განუმარტა, თუ რა პრინციპებს ეფუძნება ქვეყნის მმართველობის სისტემა.

დღის ამბები