27 დეკემბერი 2024,   01:17
ვრცლად
ძველ ხიბულაში, იქ, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი გარდაიცვალა, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარის მშენებლობა დასრულდა

ძველ ხიბულაში, იქ, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი გარდაიცვალა, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარის მშენებლობა დასრულდა. რეაბილიტირდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლიც. ფონდ "ქართუს" დაფინანსებით სოფელში აშენდა სამრეკლო, სამრევლო სკოლა და დასასვენებელი პარკი. საქველმოქმედო ფონდმა ძველი ხიბულის მაცხოვრებლებს 60 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღიც აუშენა, რომელიც ახალი ინვენტარითა და ტექნიკითაა აღჭურვილი.

ძველ ხიბულელებს პირობა მემორიალური სახლის რეაბილიტაციის, სამონასტრო კომპლექსის და საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეზე მისცა. სოფელში პარალელურად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს მთავრობა.

ძველი ხიბულას ახალ ტაძარში დღეს პირველი წირვა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აღავლინა. ლაზარეს აღდგინების სახელობის ეკლესიის გარდა სოფელს უკვე ახალი სამრეკლო და სამრევლო სკოლაც აქვს.

სახლს, სადაც ბოლოს ზვიად გამსახურდია იმყოფებოდა, პირვანდელი სახე დაუბრუნდა და სახლ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭა. მემორიალური სახლის რეაბილიტაციის იდეა მოსწონს გარდაცვლილი პრეზიდენტის ოჯახსაც.

ძველ ხიბულაში დაახლოებით 300 ოჯახი ცხოვრობს. წლების განმავლობაში მათ კომუნიკაციების გარდა ინფრასტრუქტურული საჭიროებებიც ჰქონდათ. ახლა უკვე სოფელს აქვს სასმელი წყალი, ბუნებრივი აირი, ახალი ხიდი, განახლებული ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები. 

დასახლება ადგილობრივებისგან წლების განმავლობაში იცლებოდა. ახლა კი განახლებულ ძველ ხიბულაში მოსახლეობას იმედი აქვს, რომ სოფლიდან წასულები უკან დაბრუნდებიან.

დღის ამბები