26 დეკემბერი 2024,   18:07
ვრცლად
სოზარ სუბარის მორიგი კითხვები კელი დეგნანს - რას წერს ყოფილი დეპუტატი და რაზე სურს პასუხების მოსმენა ამერიკის ელჩისგან

მორიგი წერილი "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა, კვლავ პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა და ამჯერადაც კითხვებით საქართველოში ამერიკის ელჩს მიმართა. სოზარ სუბარს ახალი შეკითხვები ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრამ, მოგვიანებით კი, ამ ფაქტზე დიპლომატის კომენტარმა გაუჩინა. ამჯერად, მმართველი პარტიის ყოფილ წევრს აინტერესებს, გამოთქვა თუ არა ელჩმა აუდიენციაზე უკმაყოფილება ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო, მიღებული პასუხიდან გამომდინარე, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება და რუსეთისთვის სანქციების დაწესება. სოზარ სუბარმა საკუთარ ვრცელ წერილში, ამ ეჭვების მიზეზები დეტალურად განმარტა.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის ამ განცხადებამდე, კელი დეგნანმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტული სუბიექტები საქართველოს ბუნებრივ მოკავშირეებთან დაშორებას ცდილობენ, თუმცა, რა მოტივით და მიზნით - ეს ელჩს არ დაუსახელებია. დიპლომატმა ახალ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე აღარ ისაუბრა, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს, შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი არ ჰყავს.

ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრის დადასტურების შემდეგ, კითხვები მმართველი პარტიიდან წასულ სხვა დეპუტატებსაც დარჩათ, რომლებიც დღესაც გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ყოფილ პრემიერსა და ელჩს შორის საუბარი, ომის თემატიკას შეეხო. "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ახლა საჭიროდ მიიჩნევენ დიპლომატის მხრიდან იმ კითხვებზე პასუხს, რომელიც საზოგადოებაში აუდიენციის შესახებ გაჩნდა.

ახალ შეკითხვებს ელჩის მიმართ ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან, რომლებიც სოზარ სუბარს მოუწოდებენ, შეხვედრის დეტალების გასარკვევად არა დიპლომატს, არამედ ყოფილ პრემიერს მიმართოს. მათთვის ის განმარტებები, რაც საკითხზე კელი დეგნანმა გააკეთა, მისაღებია.

საკითხს აფასებენ მმართველ პარტიაშიც, სადაც დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს ის მიზეზები, რის გამოც "ქართულ ოცნებას" დეპუტატები გამოეყვნენ. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ შეკითხვის არსებობა ლეგიტიმურია, თუმცა მათი თქმით, პარტია ამისთვის შესაბამის ფორმატებს იყენებს.

ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად თავად ყოფილმა პრემიერმა საკუთარ წერილში გააჟღერა, მოგვიანებით ფაქტი ელჩმაც დაადასტურა, თუმცა სამსაათიანი შეხვედრის დეტალები არ გაუსაჯაროებიათ, დიპლომატმა  მხოლოდ ის თქვა, რომ საუბარი მასსა და ივანიშვილს შორის ომის საკითხს არ შეხებია.

დღის ამბები