22 დეკემბერი 2024,   10:17
ვრცლად
კახა კალაძის თქმით, იპოდრომის  ცენტრალური პარკის მოსაწყობად საჭირო ხარჯებს, სრულად საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" გაიღებს

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა. მისი თქმით, 440-ის ნაცვლად, პარკში 245 საპარკინგე ადგილი დარჩება და გამწვანებას მეტი სივრცე დაეთმობა. თითქმის 6 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის მოედნის მოწყობა. შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა, მხოლოდ გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები მოეწყობა, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე, დაირგვება ხე-მცენარეები.

კახა კალაძის თქმით, ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი თანხას არ დახარჯავს. ხარჯებს სრულად საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" გაიღებს.

"არაერთხელ მისაუბრია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ მასშტაბის რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სამწუხაროდ, არ გვაქვს. არსებული სივრცე იყო კერძო საკუთრება – ტერიტორიას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. მათ ეს მუნიციპალიტეტს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შედეგად, გადასცეს საჩუქრად და აქ მოეწყობა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ცენტრალური პარკი, რეკრეაციული სივრცე, რომელიც, ვფიქრობ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის.

საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა მხოლოდ ამ სივრცის მუნიციპალიტეტზე საჩუქრად გადაცემით. მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი, - გამწვანების, მოწესრიგების, რეაბილიტაცია, ყველაფერი რაც კი საჭიროა იმისთვის, რომ მივიღოთ ძალიან მაგარი, რეკრეაციული მწვანე სივრცე - ეს ადამიანი ყველა ხარჯს იღებს თავის თავზე, მუნიციპალიტეტს არ ექნება დასახარჯი არც ერთი თეთრი, პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის დაფინანსებით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო", - განაცხადა კახი კალაძემ.

დღის ამბები