25 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

ამბროლაურში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. პაციენტები მომსახურებას სამედიცინო ჰოლდინგის "რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის" ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში იღებენ. კლინიკას ჩაუტარდა რეაბილიტაცია და აღიჭურვა შესაბამისი აპარატურით.

ამ ეტაპზე ბენეფიციარებს ზუგდიდან და იმერეთიდან მოწვეული სპეციალისტები ემსახურებიან, თუმცა ჰოლდინგი ადგილობრივ კადრებსაც გადაამზადებს.

დიალიზის სერვისს ამბროლაურში 15-მდე პაციენტი იღებს, მომდევნო კვირიდან კი აღნიშნული მომსახურებით, მიმდებარე მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მცხოვრები, ჯამში, 25-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, მოქალაქეებს აქამდე დიალიზის სერვისის მისაღებად სხვა რეგიონში, საცხოვრებელი ადგილიდან ათობით კილომეტრის დაშორებით უწევდათ ჩასვლა, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ხშირად პაციენტებს, დიალიზის თერაპიის ჩასატარებლად, საკუთარი სახლ-კარის დატოვებაც უწევდათ. შესაბამისად, მინისტრის მოადგილის თქმით, რეგიონებში დიალიზის სერვისის ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული პაციენტისთვის.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, რეგიონებში დიალიზის სერვისის ამოქმედება, "დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში, 2022 წლის აპრილში დააანონსა. მაისში, მომსახურების მიღება უკვე შესაძლებელი იყო ზემო სვანეთში, მესტიის საავადმყოფოში. წლის ბოლომდე, აღნიშნული სერვისი ლანჩხუთში, თიანეთსა და ყაზბეში ამოქმედდება, შემდეგ კი, ეტაპობრივად საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც გახდება ხელმისაწვდომი.

დღის ამბები