21 დეკემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული 8 პირი და ფარული ვიდეოჩანაწერები - მამაკაცები მოქალაქეების ფინანსური დავების მოსაგვარებლად, "ქურდულ გარჩევებს" აწყობდნენ

შსს-მ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტზე "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა. დაკავების ოპერაციები თბილისში, საჩხერესა და ჭიათურაში ჩატარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები - "ქურდული სამყაროს" წევრები და მათი საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებულ ფინანსური დავებს აგვარებდნენ. ისინი საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, შემდეგ კი კრიმინალური ავტორიტეტების გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და სანაცვლოდ მოდავე მხარეებს თანხის მიტანას აიძულებდნენ.

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულ გიორგი ზაბახიძეს მის მიმართ წაყენებული ბრალდება აფსურდულად მიაჩნია. მისი უფლებადამცველი "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებულ პატიმრობას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

შსს-ს ინფორმაციით კი, ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით რამდენჯერმე მოეწყო საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი "კანონიერი ქურდები" - თენგიზ ხოფერია მეტსახელად "ჭინკა", დავით ქურასბედიანი, იგივე "ჭუტა", რომან ბარბაქაძე, მეტსახელად "რემენა", ჯეირან კინწურაშვილი და მერაბ ჭეიშვილი, იგივე "ჟორჟიკიჩი" მონაწილეობდნენ.

ამ ფარულ ჩანაწერში უწყების ცნობით, ვალერიან ტყეშელაძის ხმა ისმის. მისი ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული ამ ეტაპზე დუმილი უფლებას იყენებს, თუმცა არ აპირებს გამოძიებისთვის ხელის შეშლას. აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის გასაჩივრებას ისიც გეგმავს.

"კურიერის" ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ გარჩევაში ჩართული იყვნენ ბონდო შარაბიძე, ბახვა კვარაცხელია, სულხან რუხაძე და ლევან თაბაგარი, იგივე ჩხირო. "რუთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს კარი მხოლოდ თაბაგარის ოჯახში გაუღეს. მათი ინფორმაციით, დაკავების დროს ლევან თაბაგარი, მეტსახელად ჩხირო ბრალს არ აღიარებდა.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები ამოიღო, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები