27 ნოემბერი 2024,   11:55
ვრცლად
რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით უნდა დასრულდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით უნდა დასრულდეს - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირიმში ოკუპანტების ყოფნა საფრთხეს უქმნის ევროპას და მსოფლიოს. ზელენსკის აღნიშნავს, რომ ყირიმი უკრაინულია და ისინი არასდროს დათმობენ მას.

"დღეს დიდი ყურადღება ეთმობა ყირიმის თემატიკას და ეს სწორია, რადგან ყირიმი უკრაინაა და ჩვენ არასდროს ვიტყვით მასზე უარს. არ დავივიწყებთ, რომ სწორედ ყირიმის ოკუპაციით დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი.

რუსეთმა ჩვენი ნახევარკუნძული, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად აქცია. რუსეთმა ყირიმს მასშტაბური რეპრესიები, ეკოლოგიური პრობლემები, ეკონომიკური უიმედობა და ომი მოუტანა. ისტორიკოსები, ალბათ, ერთ დღესაც დაადგენენ, რამდენი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მიერ ყირიმის ტერორისთვის გამოყენების შედეგად. ათიათასობით? ასიათასობით? უკრაინიდან და საქართველოდან სირიამდე და უფრო შორეულ რეგიონებამდე.

ყირიმში რუსი ოკუპანტების ყოფნა საფრთხეა მთელი ევროპისთვის და გლობალური სტაბილურობისთვის. შავი ზღვის რეგიონი ვერ იქნება უსაფრთხო, სანამ ყირიმი ოკუპირებულია. არ იქნება სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ბევრ ქვეყანაში, ვიდრე რუსეთი შეძლებს ჩვენი ნახევარკუნძულის სამხედრო ბაზად გამოყენებას.

რუსეთის ომი უკრაინისა და მთელი თავისუფალი ევროპის წინააღმდეგ ყირიმით დაიწყო და ყირიმით უნდა დასრულდეს - მისი განთავისუფლებით. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვამატებთ ყირიმის გათავისუფლების ფორმულას სიახლეებს. ვიცი, რომ ჩვენ დავბრუნდებით უკრაინულ ყირიმში," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ,

დღის ამბები