საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია. ილია მეორეს დღეს 92 წელი შეუსრულდა. მილოცვებს ის მთელი დღის განმავლობაში იღებდა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები საპატრიარქოში დილიდანვე მივიდნენ. მათმა ნაწილმა შენობის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარიც გააკეთა.
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, დაიბადა. ბერად, 1957 წლის 16 აპრილს, მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს. პატრიარქი მაშინ სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი იყო.
1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. 25 დეკემბერს მისი აღსაყდრებიდან 47 წელი გავიდა.
ილია მეორის ინტრონიზაციამდე ქვეყანაში მხოლოდ 15 ეპარქია იყო, ექვსი მღვდელმთავრითა და 50-მდე მოქმედი ეკლესიით. მისი პატრიარქობის დროს აღიდგინა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია. მოიპოვა მირონის მოხარშვის უფლება. უწმინდესის 47-წლიანი მოღვაწეობის შედეგად გაიხსნა არაერთი სასულიერო აკადემია, აღდგა ქართული საეკლესიო გალობა, აშენდა ასობით ეკლესია-მონასტერი. ილია მეორემ დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია და დღეს მას 50 ათასამდე ნათლული ჰყავს.
ქართული ეკლესიისა და საზოგადოების წინაშე სწორედ მის ღვაწლზე ამახვილებს ყურადღებას მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე მისალოც წერილში. ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილების განცხადება დღეს "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა.
კათოლიკოს პატრიარქს, დაბადების დღე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა.
მისალოცი წერილი გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა: "მჯერა, თქვენი ლოცვა შეგვეწევა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების გზაზე"- წერს მიხეილ ყაველაშვილი.
ილია მეორეს იუბილე მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა და გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. სახელისუფლებო გუნდის ლიდერები ქვეყნის წინაშე პატრიარქის დამსახურებაზე საუბრობენ და მას დღეგრძელობას და ჯანმრთელობას უსურვებენ. განცხადებები სოციალურ ქსელში გავრცელდა.