15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"ვფიქრობ, ევროპისთვის დამამცირებელია, როდესად მას განიხილავენ როგორც ერთ დიდ ბუტიკს ან რესტორანს, ევროპა ღირებულებების ტერიტორიაა და არა პრიმიტიული მოხმარების" - ზელენსკი

ომის 190-ე დღე უკრაინაში. ქვეყნის ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს დაბომბვას მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობდნენ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის წევრები კი ატომურ ელექტროსადგურამდე ვერ მიდიან, რადგან რუსული ძალები მისიის წინასწარ შეთანხმებულ მარშუტებს ბომბავენ - ინფორმაციას ენერგოდარის მერი ავრცელებს. რუსული ძალები განაგრძობენ ბახმუტის დაბომბვასაც.

შეტევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა დნეპროპეტროვსკიც. 2 ადამიანი დაშავდა ხარკოვში, დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპიკერი პავლო კოვალჩუკი აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს საჰაერო დაზვერვით ოპერაციებს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

"მტრის ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით, ხოლო ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონში, ხარკოვში, ზაპოროჟიესა და მიკოლაივში მტერი, მიტაცებული ტერიტორიების შენარჩუნებაზეა. ხარკოვში, ტანკების, სამხედრო მანქანების, ქვემეხებისა და სარაკეტო სისტემების გამოყენებით, მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა უკრაინული ძალების პოზიციებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მტერი აგრძელებს საჰაერო დაზვერვით ოპერაციებს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. ზაპოროჟიეს მიმართულებით მტერმა უკრაინის დამცველების პოზიციებს არტილერიისა და ტანკების გამოყენებით ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე ლოკაციაზე. მტრის გემების ჯგუფი აგრძელებს ძალისხმევის ფოკუსირებას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დაზვერვისა და სამოქალაქო გემების ბლოკირებაზე,"- აცხადებს პავლო კოვალჩუკი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის უკრაინელებს.

"სამხედროებისგან მივიღეთ ინფორმაცია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ. დეტალებზე არ მინდა საუბარი, თუმცა ჩვენი დაზვერვის სახელით მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ხალხს, ვინც ძალიან მტკიცედ გვიჭერს მხარს განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთით და ყირიმში. დაზვერვა მადლობელია მოწოდებული ინფორმაციისთვის. მტრებმა არ უნდა დაივიწყონ, ვის ნახევარკუნძულზე არიან. ისინი დროებით იმყოფებიან. ვფიქრობ, რომ ევროპისთვის დამამცირებელია, როდესად მას განიხილავენ, როგორც ერთ დიდ ბუტიკს ან რესტორანს. ევროპა, პირველ რიგში, ღირებულებების ტერიტორიაა და არა პრიმიტიული მოხმარების. როდესაც იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომელსაც ევროპული ფასეულობების განადგურება სურთ, ევროპას გასართობად ან შოპინგისთვის იყენებენ ან საყვარლების დასასვენებლად, თვითონ კი ომისთვის მუშაობენ და ჩუმად ელოდებიან რუსეთის ამორალურ დაცემას, მაშინ ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რისთვისაც ზოგადად ევროპა გაერთიანდა," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღის ამბები