თბილისის მერმა კახა კალაძემ, საზოგადოებას იმ პროექტის შესახებ მიაწოდა სიახლე, რომელიც მომდევნო 7 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. კერძოდ, მერიისა და კერძოს სექტორის ერთობლივი ჩართულობით, ელექტრომობილებისთვის დამტენი აპარატები დასავლეთის მიმართულებითაც დამონტაჟდება. ამასთან, კალაძის თქმით, იმ დამტენებს, რომლებიც თბილისში უკვე დაყენებულია, კიდევ 30 დაემატება.
"ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა და ის წარმატებით მიმდინარეობს. ხედავთ, რომ დედაქალაქში თვალშისაცემია ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა, თუნდაც საავტობუსე პარკის განახლება, ზონალური, საათობრივი პარკირების შემოღება.
ჩვენ ასევე ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ელექტრომობილები წავახალისოთ. მთელი ევროპა ამ მიმართულებით მუშაობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოქალაქეებს ხელი შევუწყოთ უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდეთ ელექტრომობილების შემოყვანის. შესაბამისად, გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული გვაქვს, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, განბაჟება საერთოდ უფასოა. ელექტრომობილებთან დაკავშირებით, არანაირი გადასახადი არ არის. ასევე ჩვენ დავაყენეთ ელექტრო დამტენები მთელი ქალაქის მასშტაბით. დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით 60 დამტენი არის და ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ელექტრომობილების დატენვა კი უფასოა.
თუმცა არის გარკვეული პრობლემები, რაც კითხვის ნიშანს აჩენს. ადამიანი ფიქრობს მიიღოს თუ არა ელექტრომობილის ყიდვის გადაწყვეტილება. მაგალითად, როდესაც უნდა დასავლეთში წასვლა, ინფრასტრუქტურა არ არსებობს იმის, რომ მოხდეს ავტომობილის დატენვა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ბიზნესთან მუშაობით, მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ უფრო წაახალისებს ელექტრომობილების შემოდინებას.
კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტი კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს დამატებით 50 ელექტროდამტენის მონტაჟის პროექტს, აქედან 30 დამონტაჟდება დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, ხოლო 20 მოეწყობა დასავლეთის მიმართულებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე. გათვალისწინებული იქნება დასავლეთის მიმართულებით 10 დამტენი - თბილისი-ბათუმი, ასევე ბათუმი-თბილისის მიმართულებით 10 დამტენი. კერძოდ, საუბარია თერჯოლაზე "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურზე. პროექტი მომდევნო 7 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს,"- განაცხადა კახა კალაძემ.