19 მაისი 2024,   03:47
ვრცლად
შილდაში ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება - ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი ადგილზე ეცნობა

კახეთში კვლავ ხანძარს ებრძვიან. ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ადგილზე ხანძრის ღია კერებია. ცეცხლის კერა დაახლოებით 10 ჰექტრამდეა გავრცელებული. სტიქიის ზონაში ჩავიდა და თავად გაეცნო სალიკვიდაციო სამუშაოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსიც.

"აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები სოფელ შილდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩართულია 200-მდე მეხანძრე მაშველი და ამდენივე რაოდენობის თავდაცვის სამინისტროს დანაყოფი. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გზების გაყვანა. სალოკალიზაციო სამუშაოები სტაბილურად მიმდინარეობს, ვცდილობთ, რომ შევაკავოთ და ფართობი არ გაიზარდოს, ვფიქრობთ, რომ ამას მოვახერხებთ და შემდეგ შიგნით მოხდება სალიკვიდაციო სამუშაოები," - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განცხადებით შესაბამისი ორგანოები  ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყეში გაჩენილ ხანძარი დროულად იქნეს ლოკალიზებული და ლიკვიდირებული:

"ჩართულია თავდაცვის სამინისტროს როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, ჩართულია ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ოპერატიულად უზრუნველყოფენ ცეცხლის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს," - განაცხადა ალადაშვილმა.

დღის ამბები