18 მაისი 2024,   17:55
ვრცლად
ევროპა არის ღირებულებების ტერიტორია და არა დისნეილენდი ტერორის მომხრეებისთვის - ზელენსკი

"ევროპა არის ღირებულებების ტერიტორია და არა "დისნეილენდი" ტერორის მომხრეებისთვის" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ სანქციების მე-8 პაკეტის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ჰქონდა საუბარი.

"ჩვენს ყირიმში რუსეთის ყოფნამ ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და არათავისუფალ ადგილად აქცია. მჯერა, რომ უკრაინის დროშა და თავისუფალი ცხოვრება ისევ ყირიმს დაუბრუნდება. ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას, ჩვენს ხალხს. აუცილებლად ვაქცევთ ყირიმს ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში. ყირიმი ამას იმსახურებს.

დღეს ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ვესაუბრე. მას მადლობა გადავუხადე გაწეული მხარდაჭერისთვის და მცდელობებისთვის, შეიზღუდოს რუსეთის ზედმეტი მოგება ნავთობიდან და გაზიდან. ვისაუბრეთ სანქციების მე-8 პაკეტზე, მიმაჩნია, რომ ის უნდა მოიცავდეს ევროპაში სავიზო რეგულაციებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა ამ ომში ჩართულმა ვერც ერთმა ადამიანმა ვერ ისარგებლოს ევროპული სტუმართმოყვარეობით.

თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინისა და მთელი ევროპის წინააღმდეგ, თუ ისინი ჩუმად აკვირდებიან უკრაინის გენოციდს, მაშინ მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროპა გასართობად გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვანი მორალური საკითხია. ევროპა არის ღირებულებების ტერიტორია და არა დისნეილენდი ტერორის მომხრეებისთვის," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები