15 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მომდევნო კვირების განმავლობაში პარლამენტში სახელმძღვანელო დღის წესრიგზე იმსჯელეს

ხვალ პარლამენტში საშემოდგომო სესია იხსნება. სხდომა პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება, რის შემდეგაც პარლამენტი რამდენიმე საკითხზე იმსჯელებს, მათ შორის არის "ნაცმოძრაობის წევრის", ლევან ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა.

მანამდე, პარლამენტში ბიუროს სხდომა ჩატარდა, სადაც იმსჯელეს იმ დღის წესრიგზე, რომლითაც მომდევნო კვირების განმავლობაში პარლამენტმა უნდა იხელმძღვანელოს.

"ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც არის გინდაც ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, არსად მსგავსი ინსტიტუტი არ არის. აღვასრულოთ ყველამ კანონი და შეიძლება არც იყოს საჭირო ეს ინსტიტუტი. კონსტიტუციიდან ამოვიღოთ ეს, ან შევეკითხოთ ხალხს, გავაკეთოთ რეფერენდუმი რამდენად არის ეს საჭირო," - აცხადებს "ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთი ლიდერი ფრიდონ ინჯია.

განცხადებები გაკეთდა კონკრეტულ კანონპროექტებზე, რომლებიც შესაძლოა დაჩქარებული წესით გავიდეს, საუბარია ომბუდსმენის შერჩევის წესის ცვლილებაზე, რაც რეკომენდაციის ერთ-ერთ პუნქტს უკავშირდება.

"კონსტიტუციის ცვლილებას არ ვიხილავთ. ვიხილავთ მემგონი ძალიან კონკრეტულ საკითხს, დაჩქარებულად განვიხილოთ შემოტანილი პროექტები თუ ჩვეულებრივი წესით. ახალი ომბუდსმენის შერჩევა დანიშვნასთან დაკავშირებული წესების შეცვლის დაჩქარების წინააღმდეგი ვიქნებოდი თავისთავად," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ასევე მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, არ არსებობდეს მნიშვნელოვანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ომბუდსმენის თანამდებობა ვაკანტური იქნება.

"ეს იქნება რაღაც კონკურსის მაგვარი პროცედურა, სადაც ყველას ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა და ამას თავის ვადები ესაჭიროება. მეორე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის ყველასთვის, რომ არ არსებობდეს მნიშვნელოვანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ომბუდსმენის თანამდებობა იქნება ვაკანტური. 2 თვეში განაცხადების მიღებაც საზოგადოების მხრიდან, მათი შეფასება, საკომიტეტო განხილვები და შემდეგ პლენარულ სხდომაზე არჩევა არის ტექნიკურად შეუძლებელი," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები