საშემოდგომო სესიას, რომელიც ხვალ ოფიციალურად გაიხსნება, ახლა განსაკუთრებული ფუნქცია აქვს - დაამტკიცოს კანონპროექტები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. სხდომების დღის წესრიგი ბიურომ უკვე განსაზღვრა. იმსჯელა იმაზეც, თუ რომელი ინიციატივები უნდა განიხილებოდეს დაჩქარებული წესით. ასეთი კანონპროექტი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებია - ომბუდსმენის შერჩევის წესის შესახებ. საკითხმა პოლიტიკურ ოპონენტებს შორის უთანხმოება უკვე გამოიწვია.
არგუმენტების გაცვლა ახლა საკომიტეტო ფორმატში დაიწყება, სადაც "ქართული ოცნება" სამუშაო ჯგუფში შემუშავებულ პროექტებს ეტაპობრივად წარადგენს. 12 პუნქტთან დაკავშირებული რამდენიმე ცვლილება კანონპროექტის სახით უკვე ინიცირებულია. რეგისტრირებულია გენერალური პროკურორის არჩევის საკონსტიტუციო ცვლილებაც. სასესიო კვირის დღის წესრიგი მედიას დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააცნო. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ იმედი აქვს საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ნაწილი აქტიურად ჩაერთვება.
ოპოზიციის ნაწილი, რომელიც უმრავლესობასთან სამუშაო ჯგუფებში არ თანამშრომლობდა, საკომიტეტო ფორმატში აპირებს მასთან მუშაობას. პარტიები რეკომენდაციებთან დაკავშირებით საკუთარი კანონპროექტების ინიცირებას გეგმავენ. იმავდროულად არ გამორიცხავენ, მხარი დაუჭირონ პარლამენტის სამუშაო ჯგუფების გარკვეულ ინიციატივებსაც.
ერთად მსჯელობა რომ სწორი სტრატეგია იქნებოდა, ამაზე მმართველ გუნდშიც ამახვილებენ ყურადღებას. "ქართული ოცნება" ოპონენტებს ახსენებს, რომ კანონპროექტებს დამოუკიდებლად, უმრავლესობის ხმების გარეშე მაინც ვერ მიიღებენ. "ქართული ოცნების" განმარტებით, სწორედ ამიტომ მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტების პარალელურ რეჟიმში მუშაობა რეალური პროცესის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. როგორ უნდა იმუშაოს მმართველმა პარტიამ 12 პუნქტის შესასრულებლად სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან ერთად და რა იქნება სასესიო კვირის დღის წესრიგი - ამ საკითხებზე დღეს უმრავლესობის სხდომაც ჩატარდა.
პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს ხვალიდან სხდომათა დარბაზი გააერთიანებს. საშემოდგომო სესია რამდენიმე საათში ოფიციალურად საქართველოს ჰიმნით გაიხსნება. ამის შემდეგ პროცედურა სამშაბათის ტრადიციული პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდება, რის შემდეგაც დაიწყება საკითხების განხილვა. კანონპროექტების გარდა ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ხვალ იმსჯელებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასაც ითვალისწინებს.