15 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ისეთი კითხვები დასვით, დრო რომ გეპოვათ და 10 წუთი დაგეხარჯათ და წაგეკითხათ განმარტებითი ბარათი, ამ კითხვებს აღარ დასვამდით - სარჯველაძე ოპოზიციას

პარლამენტი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის ახალ პროცედურაზე მსჯელობს.რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის განხილვაც პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.

სარჯველაძის განმარტებით, პროექტი სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისა და წარდგენის პროცესის მაღალ გამჭვირვალობას და მასში სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების ფართო ჩართულობას უზრუნველყოფს.

 პარლამენტში სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ "ნაციონალური მოძრობის" და სხვა ოპოზიციური პარტიის დეპუტატები.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრმა რომან გოცირიძემ მიხეილ სარჯველაძეს კითხვით მიმართა და სტალინის გამოთქმაც მოიშველია - "რა მნიშვნელობა აქვს ხმას ვინ აძლევს, მთავრია, ვინ ითვლის"  :

"კომუნისტების დროს გამოთქმა, რომ იყო, სტალინს, რომ მიაწერენ: რა მნიშვნელობა აქვს  ხმას ვინ აძლევს, მთავარია ვინ ითვლისო,"-ამბობს გოცირიძე. 

კითხვის საპასუხოდ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ მმართველი ძალა კანდიდატს არ ირჩევს და ოპონენტს მოუწოდა, უკეთ გასცნობოდა განმარტებით ბარათს. 

"ისეთი კითხვები დასვით, დრო რომ გეპოვათ და მაგალითად, 10 წუთი დაგეხარჯათ და წაგეკითხათ განმარტებითი ბარათი, ამ კითხვებს აღარ დასვამდით. მაგალითად, დიდაქტიკურად არ იტყოდით, რომ 3/5 უნდა აირჩეოდესო, ან მმართველ პარტიას არ უნდა ჰქონდეს ეს კომპეტენციაო. იმიტომ, რომ არ აქვს მმართველს კომპეტენცია და იქვე პოლიტიკური განცხადებაც გავაკეთეთ, რომ ჩვენ კანდიდატსაც არ დავასახელებთ,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს კითხვით მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა

"ეს 9 კაცი ბლოკავს ვინმეს, თუ უბრალოდ აფასებს და ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს საბოლოო ჯამში პარტიის მიერი წარდგენილი?"- განაცხადა რაქვიაშვილმა,  რაზეც მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა, რომ არავის არ ექნება კანიდატთა დაბლოკვის შესაძლებლობა.  

"სამუშაო ჯგუფი შევჯერდით, რომ არ ექნება კანდიდატთა დაბლოკვის შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ. ამიტომ ვერავის ვერ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ამ 9-კაციანმა ჯგუფმა მიიღო ტენდენციური გადაწყვეტილება,"- თქვა სარჯველაძემ.

ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარეს კითხვით მიმართა მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის კითხვა შეეხებოდა მიმდინარე პროცესის ინკლუზიურობას

"ინკლუზიურობასთან დაკავშირებით არის ხოლმე წუხილები, განსაკუთრებით ოპოზიციური სპექტრის მხრიდან და ეს რამდენად ინკლუზიური პროცესი იქნება მაშინ, როდესაც მათი პერსპექტივიდან, რომ შევხედოთ ყველა პროცესში რაც უფრო მეტი პოლიტიკური პარტიაა ხოლმე ჩართული ეს კარგად არის მათი მხრიდან შეფასებული. ჩვენ წავედით იმ დათმობაზე, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ჩართული, მათი ლოგიკით იქნებ გვითხრათ ეს ინკლუზიურ პროცესად შეიძლება შეფასდეს თუ არა,"- აცხადებს ოხანაშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მას უპასუხა, რომ ინკლუზიურობის პროცესი უნდა იყოს სამართლებრივი ნორმა. 

"ჩვენი მიზანი არის სწორედ იმ პრინციპების დაკმაყოფილება, რაც მანამდე ვთქვი. ეს არის ინკლუზიურობის მაღალი ხარისხის თაობაზე არა მხოლოდ კეთილი ნების იმედად დატოვება, არამედ ის რომ ეს იყოს ფორმალიზებული, ანუ ეს გახდეს არა კეთილი ნების საგანი, არამედ ეს იყოს ნორმა. სამართლებრივი ნორმა, რომელიც ამას უზრუნველყოფს,"- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები