სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კენჭისყრის პროცედურის დროს, პლენარულ სხდომას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 19 წევრი ესწრებოდა, რომელთაგან 6-მა ინიცირებულ პროექტს ხმა მისცა.
"ჩვენ პირველი მოსმენით მხარი დავუჭირეთ ამ პროცედურის სამართლებრივ მხარეს. იმავდროულად მნიშვნელოვანი იქნება ის 9 წევრიანი სამუშაო ჯგუფი, რომელიც უნდა შეირჩეს არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან, ვნახოთ ვინ მოიაზრება ამ კომისიაში. ბუნებრივია, ეს უკვე განსაზღვრავს რამდენად გულახდილი შეიძლება იყოს "ქართული ოცნება" სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი "ლელოს" დეპუტატებმა და პარლამენტის ექვსმა უფრაქციო წევრმა დაუჭირა.
"მე ხმა მივეცი ამ პროექტს პირველ რიგში იმისთვის, რომ გამეგზავნა ეს ძალიან მკაფიო სიგნალი ყველასთვის, შესაძლო კანდიდატისთვის, ჩემით დაინტერესებული ხალხისთვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვუშვათ ხელები. "ოცნებას" შევთავაზე, რომ დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ჩვენ ავიღოთ პაუზა, ყველა ის საკითხი, რომელიც გადაულოცეს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მან ერთპიროვნულად ბრძანებაში გაწეროს ეს საკითხები, რეგლამენტში ჩავწეროთ, რათა იყოს მაღალი გარანტიები, რომ ის შემფასებელი კომისია, 9 კაციანი თუ ქალიანი, იქნება შერჩეული სწორად," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე დავით უფსუფაშვილი.
კანონპროექტი პარლამენტმა 88 ხმით მიიღო. სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენა და არჩევა ახალი წესითა და პროცედურით მოხდება. პროექტი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს. კენჭისყრამდე იყო დებატები.