15 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
გზავნილები ევროკავშირიდან და შეხსენება პოლიტიკოსებს - ვინ როგორ გაიგო ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გაკეთებული განცხადებები და პირობა, რომელიც თბილისმა ბრიუსელს მისცა

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო უკვე მეშვიდედ შეიკრიბა, თუმცა მას შემდეგ პირველად, რაც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს და კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეკომენდაციებიც შეიმუშავეს.

ასოცირების საბჭოს სხდომის თავმჯდომარემ, ჟოზეფ ბორელმა სხდომას ისტორიული უწოდა და განმარტა, რომ საქართველო ევროკავშირის უახლოესი მეგობარი და პარტნიორია. ქვეყნის ევროპული პერსპექტივის რეალიზებისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის შეფასებით, საჭიროა გარკვეული პასუხისმგებლობების გაზიარება, რაც რეფორმების განხორციელებასა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაში უნდა აისახოს.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ბორელის განცხადებით, კონსესუსის საფუძველზე უნდა განხორციელდეს და მასში მთავრობასთან ერთად ყველა პოლიტიკური პარტია უნდა ჩაერთოს. საქართველო-ევროკავშირის გზაზე დემოკრატიული ფასეულობების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმაც, რომლის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს წინსვლა დროს და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს და ევროკავშირი მზად არის, საქართველოს დასახმარებლად ყველა არსებული რესურსის მობილიზაცია მოახდინოს.

ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილება ქვეყანას ახალ სამიზნე ორიენტირებს რომ უსახავს მიზნად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტნიორებს პირადად მოახსენა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების პრიორიტეტულობას ის ფაქტი ამტკიცებს, რომ მთავრობამ რეკომენდაციების შესრულების გეგმა მისი შემუშავებისთანავე დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წევრობის ერთგულია, თუმცა პრემიერმა ამ კონტექსტში ოპონენტები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამ პროცესში არ მონაწილეობს.

ასოცირების საბჭოს სხდომას  რეგიონში არსებული ვითარების განხილვის გარეშე არ ჩაუვლია. ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ მტკიცედ აღიარებს და რუსეთს ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს მოუწოდებს - ამის შესახებ ნათქვამია იმ განცხადებაში, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს შემდეგ გამოქვეყნდა. საბჭომ ასევე დაგმო რუსეთის გაუმართლებელი ომი უკრაინაში. განცხადებაში საქართველოს ევროპული არჩევანის მნიშვნელობაც არის შეფასებული. ევროპელი პარტნიორები ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს თანამშრომლობისკენ წერილობითაც მოუწოდებენ.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა, როგორც იმპულსი მომავალში ევროინტეგრაციის დასაჩქარებლად - ამ საკითხზე საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომის გამართვამდე მთავრობის ხელმძღვანელი ევროპელ პარტნიორებს პირისპირ შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს მიერ ივნისში მიღებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების ახალი დღის წესრიგი 2021-2027 წლებში საქართველოს ამბიციური რეფორმის სამოქმედო გეგმის ძირითადი საფუძველი იქნება.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელთანაც გამართა აუდიენცია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპული პერსპექტივა, საქართველოსთვის ძლიერი მოტივაცია და ამავე დროს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ითქვა, რომ ამბიციური რეფორმების განხორციელების პროცესში წარმატების მიღწევას ქვეყანა ვერ შეძლებს ევროკავშირის ძლიერი დახმარებისა და ხელშეწყობის გარეშე.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ვინაიდან საქართველო ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გახდა, საქართველოზეც გავრცელდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის არსებული ფინანსური ინსტრუმენტი, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მეტ შესაძლებლობებს შექმნის. თავის მხრივ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკავშირი რომ საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს, ეს კიდევ ერთხელ ევროპელმა პარტნიორებმა, სოციალური ქსელის საშუალებითაც დაადასტურეს.

დღის ამბები