სახალხო დამცველის განცხადებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური განცხადებები. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ნინო ლომჯარიას დიდი ხანია ყველაფერზე პოლიტიკურად ანგაჟირებული პოზიცია აქვს.
ამასთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მოქმედ ომბუდსმენს ახსენებს, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესი არ იცვლება.
"სახალხო დამცველი სამწუხაროდ დიდი ხანია ამ ნარატივში ზის. რა ნარატივიც არის, რომ ყველაფერზე პოლიტიკურად ანგაჟირებული პოზიცია ჰქონდეს. ხომ არის საუბარი, რომ იყოს ინკლუზიურობა, უფრო ფართო მონაწილეობა იყოს, როგორც კი ამ მიმართულებით გადადგამ ნაბიჯს მაშინვე აღარ მოსწონთ ეს. არჩევის წესი არ იცვლება, როგორც ირჩეოდა ისევ ისე აირჩევა, მაგრამ საშუალება ეძლევა, რომ გაცილებით მეტმა ადამიანმა განაცხადოს ვისაც პოტენციურად აქვს ამის სურვილი თავისი კანდიდატურის წარდგენისა და კომისიამ მოახდინოს შეფასება. შემდეგ ამ ფართო არჩევანიდან წარადგენენ შესაბამისი სუბიექტები პარლამენტის წინაშე მათთვის სასურველ კანდიდატს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.
რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტების პოზიციას. ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც კანონპროეტს მხარი არ დაუჭირა, სრულად იზიარებს სახალხო დამცველის შენიშვნებს. მეორე ნაწილი კი იგივე პოზიციაზე რჩება და აღნიშნავს, რომ ომბუდსმენის განცხადება მათ დამოკიდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესს მოქმედი ომბუდსმენი აკრიტიკებს. მას შემდეგ, რაც რეგლამენტში ცვლილებებს 88 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა. მისი შეფასებით, ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.