ავტორები, როგორც ყოველთვის წერილის გამოქვეყნების შემდეგ დამატებით სატელევიზიო კომენტარებს აკეთებენ. ამერიკის აგენტურასთან კავშირის ბრალდება ოპოზიციის ნაწილისთვის არასერიოზულია. ენმ-ში ამბობენ, რომ როდესაც წერილის ავტორები ვარდების რევოლუციაზე საუბრობენ, მათ უნდა გაიხსენონ თუ რა იყო რევოლუციამდე ქვეყანაში და როგორ განვითარდა სწორედ 2003 წლის შემდეგ ქვეყანა.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ბრალდებები პოლიტიკური სვლაა.
"ქართული ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკა უკვე სამარცხვინო ხასიათს იღებს. მათი განცხადებები შეესაბამება რუსეთის ფედერაციის, ბელორუსის, ჩრდილოეთ კორეაში არსებულ განცხადებებს. ვარდების რევოლუციის მოხსენიება, ამერიკის აგენტობა და ა.შ. ეს არის რუსული ნარატივი, რუსული აგენტურის მიერ საქართველოში გავრცელებული ნარატივი," – აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი.
პარლამენტის წევრი და პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" "ტრადიციას" აგრძელებს.
"შეგიძლიათ არქივი ამოიღოთ და ნახოთ, "ნაცმოძრაობა" თავის დროზე ეძახდა ყველა ოპონენტს რუსეთის აგენტს და დღეს "ქართული ოცნება" ეძახის თავის ოპონენტს აგენტს, ოღონდ ამ შემთხვევაში ამერიკის აგენტებს. ტრადიცია გრძელდება, "ქართული ოცნება" წარმატებით აგრძელებს "ნაცმოძრაობის" ტრადიციებს," - ამბობს ანა ბუჩუკური.
თავად წერილის ავტორები აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არიან იმაზე მეტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას, ვიდრე დღეს გავრცელებულ წერილში.
"საქართველოში არასამთავრობო სექტორის ნაწილი, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯებს დგამდნენ და ამ ფაქტების ლოგიკური კავშირით აღმოჩნდა, რომ შეერთებული შტატების საელჩო იყო ამის წამახალისებელიც და კოორდინატორიც. ის, რომ საქართველოს სახელმწიფოში იქნება ეს ოკუპანტი ქვეყნის აგენტი, შეერთებული შტატების თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის, ბუნებრივია ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ლოგიკური კავშირიდან გამომდინარე ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას ეტაპობრივად საზოგადოებას, რომ ისინი იყვნენ საქმის კურსში," - განაცხადა პარლამენტის წევრმა და საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალას" დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმა.