15 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილმა ომბუდსმენის არჩევაზე "ოცნების" კანონპროექტს მხარი აღარ დაუჭირა

"ნაციონალურმა მოძრაობა" და "ლელომ" სახალხო დამცველის არჩევაზე "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს. პარტიებში განაცხადეს, რომ პირველი მოსმენის ეტაპზე წარადგინეს საკუთარი მოსაზრებები, თუმცა მმართველმა გუნდმა არც ერთი არ გაიზიარა. სწორედ ეს გახდა პოზიციის შეცვლის საფუძველი. ოპონენტებს არ ჰქონდათ არგუმენტები "ქართული ოცნების" შეფასებით. სახალხო დამცველის არჩევის წესს დაჩქარებულად განიხილავენ, საკითხი ევროპის 12 პუნქტიდან ერთ-ერთია.

"ლელოსა" და "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი რეალურად ვერ აუმჯობესებს პირველად ვერსიას. პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი ელოდნენ, რომ მოხდებოდა გარკვეული ნორმების დეტალიზება და განისაზღვრებოდა რა უნდა ჩაწერილიყო მაგალითად რეგლამენტში და რა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაში. ამ მიმართულებით მათი შენიშვნები ეხება ისევ იმ ჯგუფის დაკომპლექტებას, რომელიც საბოლოოდ შალვა პაპუაშვილის პრეროგატივაა, თუმცა ითქვა, რომ ამასთან დაკავშირებით იქნება კონსულტაციები. შენიშვნები ეხება ასევე წარსადგენი კანდიდატების რაოდენობას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის თქმით, მათ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, რადგან მისი რეალური გამოსწორება არ მომხდარა. 

""ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა. პირველი მოსმენით რატომ დავუჭირეთ მხარი - კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს მხარდაჭერა იყო იმ დათქმით, თუ მეორე მოსმენამდე იქნებოდა რეალური გამოსწორება ამ კანონპროექტის, მათ შორის ფუნდამენტური ნორმების. კონკრეტული ნორმები ძალიან მკაფიოდ ჩაიწერებოდა, როგორ მოხდებოდა შეფასების ჯგუფების შერჩევა, იქნებოდა თუ არა ამაში ჩართულობა, გამოირიცხებოდა თუ არა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, იქნებოდა თუ არა მკაფიო კრიტერიუმები, - ეს ყველაფერი უნდა ჩაწერილიყო არა ბრძანებაში, ერთპიროვნულ დოკუმენტში, არამედ რეგლამენტში. ეს არ მოხდა, შესაბამისად ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ," - განაცხადა მინაშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით უსუფაშვილიც ამბობს, რომ მათ პირველი მოსმენით კანონპროექტს მხარი იმისთვის დაუჭირეს, რათა მომხდარიყო მისი გამოსწორება, "გაფანტულიყო ბურუსი" და მომხდარიყო ნაბიჯების ერთად გადადგმა. თუმცა, მისი თქმით, მეორე მოსმენაში კანონპროექტში უარესი პუნქტები აღმოჩნდა.

""ლელომ" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს და ხელისუფლებას შესთავაზა რომ აგვეღო 1 კვირიანი პაუზა, გაგვესწორებინა ძალიან ბევრი რამ, გაგვეფანტა ის ბურუსი რაც ახლავს ამ ჩანაწერებს და გადაგვედგა ნაბიჯები ერთად. ამის ნაცვლად ხელისუფლებამ დაიჟინა, რომ არა, ახლავე უნდა მივიღოთ, თითქოს 1-2 კვირა ქვეყანას აქცევს, პირველ მოსმენასთან შედარებით მეორე მოსმენაში კიდევ უარესი პუნქტები აღმოჩნდა რეგლამენტში ჩაწერილი. 

ჩვენს მიერ კანონპროექტისთვის მხარის არ დაჭერა არ ნიშნავს რომ ჩვენ ამ პროცესს გამოვეთიშებით, პირიქით, კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთვებით. მოვიფიქრებთ, იმ მექანიზმებს, რომელსაც ხელისუფლების გეგმას, რომ ვითომ ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერის იმიჯი შექმნას, ეს იგივე იქნება როგორც სალომე ზურაბიშვილი იყო დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი. ამ თვალთმაქცობებში მონაწილეობას არ მივიღებთ, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძლიერმა კანდიდატებმა გაიკაფონ გზა ამ პროცესში," - ამბობს უსუფაშვილი. 

დღის ამბები