15 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
სახალხო დამცველის შერჩევის წესზე დღეს მესამე მოსმენაა - რატომ შეცვალეს ოპოზიციურმა პარტიებმა პოზიცია მეორე მოსმენის დროს

სახალხო დამცველის შერჩევის წესზე დღეს პარლამენტში მესამე მოსმენა გაიმართება. პარლამენტმა ინიციატივას კენჭი უნდა უყაროს. მანამდე კეთდება განმარტებები, რატომ შეცვალეს ოპოზიციურმა პარტიებმა პოზიცია მეორე მოსმენის დროს, როდესაც პირველისგან განსხვავებით, მათ მხარი უკვე აღარ დაუჭირეს ცვლილებებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში", სტრატეგია აღმაშენებელში და "ლელოში" განმარტავენ, რომ პირველი მოსმენის ეტაპზე წარადგინეს საკუთარი მოსაზრებები, თუმცა მმართველმა გუნდმა არცერთი არ გაიზიარა

"სახალხო დამცველის არჩევის პროცედურას აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური შემადგენელი. სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენ ყველა შენიშვნა წარვადგინეთ, ეს შენიშვნები, მეტ-ნაკლებად, გათვალისწინებული იქნა, მაგრამ პოლიტიკური შემადგენელი გახლავთ ის, რომ გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე, პრაქტიკულად, დაემუქრა საპარლამენტო ოპოზიციას, თუ არ დაუჭერდნენ მხარს ამ კანონპროექტს, მაშინ არ მოხდებოდა საპარლამენტო ოპოზიციის  ჩართვა წინასწარ კონსულტაციაში, არ მოხდებოდა მათი მათი აზრის გათვალისწინება შემფასებელი კომისიის  დროს და ა.შ.

ბუნებრივი ასეთი ულტიმატუმებით საუბრის შემთხვევაში რთულია პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ამ კანონპროექტისათვის,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი. 

ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ კანონპროექტთან მიმართებით ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები.

"ის,რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიმართება კონსულტაციები და გამოდის, რომ ფრიდონ ინჯიასთან გამართავს კონსულტაციებს და ამას დავარქვათ ინკლუზიური პროცესი, ბუნებრივი, ამას მხარს ვერ დავუჭერთ. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ვინც მხარს არ დაუჭერს, იმას არ დაველაპარაკებითო, შესაბამისად, დარჩა ფრიდონ ინჯია,"- განაცხადა მანჯგალაძემ. 

განსხვავებული დამოკიდებულება აქვს პარლამენტის წევს თამარ კორძაიას. კორძაია "ქართულ ოცნებას" ურჩევს, რომ ე.წ. წინასწარი გაფრთხილებებით, რომ თუ არ მისცემს საპარლამენტო ოპოზიცია ხმას, მაშინ ოპოზიციას კონსულტაციებში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ- არ გააფუჭონ პროცესი.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კორძაიამ ინიციატივას მხარი დაუჭირა. 

"მე რა წინადადებაც შევთავაზე რეგლამენტში გადმოტანის თვალსაზრისით გათვალისწინებული იქნა, ამიტომ ვაძლევ ხმას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, "ქართული ოცნება" გაუფრთხილდეს ამ პროცესს,"-აცხადებს კორძაია. 

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ მათ ოპონენტებს არგუმენტები არ ჰქონდათ. პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევის წესს დაჩქარებულად განიხილავს, ეს 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი პირობაა.

სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესს მოქმედი ომბუდსმენი აკრიტიკებს. მას შემდეგ, რაც რეგლამენტში ცვლილებებს 88 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა. მისი შეფასებით, ძირითადი საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, რაც გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.

დღის ამბები