03 მაისი 2024,   22:13
ვრცლად
რატომ ეშინოდა დაიანას ელისაბედ მეორის - დედოფალსა და პრინცესას ურთიერთობაში პრობლემები დაიანას სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდათ

დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ჟურნალისტები იხსენებენ ელისაბედ მეორისა და მისი ყოფილი რძლის, პრინცესა დაიანას ურთიერთობასაც, რომელიც მარტივი და ლაღი არასოდეს ყოფილა. ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც ჩარლზის რომანის შესახებ გახდა ცნობილი. 

პრინცმა და ლედი დიმ ჯვარი 1981 წელს დაიწერეს, ცერემონია წმინდა პავლეს ტაძარში შედგა, ქორწილს თვალს 750 მილიონი ადამიანი ადევნებდა.

როგორც "ნიუ-იორკ თაიმსი" წერს, დაიანა სამეფო ოჯახისთვის უცხო არ ყოფილა, დედოფალი პრინცესას უმცროსი ძმის, ჩარლზ სპენსერის ნათლია იყო. ამის მიუხედავად, თავდაპირველად დაიანა დედოფლისგან დისტანცირებას ცდილობდა და მისი ეშინოდა კიდეც. თუმცა, მოგვიანებით მან განაცხადა, რომ მსოფლიოში საუკეთესო დედამთილი ჰყავდა. 

ქორწილის შემდეგ ჩარლზისა და დაიანა სპენსერის ურთიერთობა დაიძაბა, ისევე, როგორც პრინცესისა და დედოფლის. სამეფო ბიოგრაფები აღნიშნავენ, რომ ელიზაბეტისთვის ძალიან უსიამოვნო იყო ემოციური პრინცესის "დაუგეგმავი ვიზიტები". დედოფალი აღნიშნავდა, რომ მისი რძალი სტუმრობის დროს მუდმივად ტიროდა. 

1995 წელს ცნობილ ინტერვიუში პრინცესამ აღნიშნა, რომ ქორწინებაში სამნი იყვნენ, მესამე ადამიანში კი ქმრის დიდი ხნის საყვარელს, კამილა პარკერ-ბოულზს გულისხმობდა. კამერასთან დაიანამ ისაუბრა პრობლემებზე სამეფო ოჯახთან ურთიერთობაში, გააკრიტიკა ოჯახის წევრები და ეჭვქვეშ დააყენა საკითხი, იქნებოდა თუ არა ჩარლზი მეფობისთვის შესაფერისი. 

დედოფალს სურდა რძალს დახმარებოდა, თუმცა არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს. "პრინცესა დაიანას დიდი იმედი ჰქონდა, რომ დედოფალი ჩაერეოდა და მათი ქორწინება კვლავ ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდებოდა," - განაცხადა დაიანას პირადმა მდივანმა პატრიკ ჯეფსონმა. თუმცა, მისივე თქმით, ორი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელ ძლიერ ქალებს შორის კომუნიკაციის პრობლემა იყო. 

 

დაიანას გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ოჯახმა საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგია, ნაწილობრივ, შეცვალა. შეეცადნენ ყოფილიყვნენ მეტად მეგობრულები, როგორიც დაიანა იყო. 

"ის გამორჩეული ადამიანი იყო. ყოველთვის შეეძლო გაეღიმა და გაეცინა, საკუთარი სითბოთი და სიკეთით კი სხვებს შთააგონებდა," - თქვა მოგვიანებით დედოფალმა პრინცესაზე. 

დღის ამბები