პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის წესი მესამე მოსმენით განიხილა. დეპუტატები საბოლოო კენჭისყრისთვის ემზადებიან. დღევანდელმა განხილვამ პოლემიკის გარეშე ჩაიარა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციას მოუწოდა, რომ გამოიყენონ ეს შანსი და ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას მხარი დაუჭირონ.
"ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი გადადგა, რომ გახსნილიყო ყველა კარი საიმისოდ, რომ გვქონოდა ყველა მხარის მხარდაჭერა ამ პროექტთან დაკავშირებით. კარგი მომენტი და კარგი შანსია, რომ ოპოზიციამ გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, დადებითი პოზიცია და განწყობა ამ ძალზედ მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში და შესაბამისად გამოხატოს მხარდაჭერა. ეს იქნება არა მხოლოდ 12-ე არამედ პირველი პუნქტის შესრულება, რომელიც გულისხმობს დეპოლარიზაციას,"-აცახდებს მიხეილ სარჯველაძე.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მესამე მოსმენის შემდეგ დაიწყება 9-კაციანი ჯგუფის შესარჩევი პროცედურები და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკურ ძალასთან ექნება კონსულტაციები.
შალვა პაპუაშვილმა ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა გამოიჩინონ ერთსულოვნება.
"მესამე მოსმენის მიღების შემდეგ უკვე დაიწყება პროცედურები. შესარჩევი იქნება 9-კაციანი ჯგუფი და რეგლამენტის მიხედვით ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან გავივლი ამასთან დაკავშირებით კონსულტაციას. მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ოპოზიციის გასაგონად, რომელმაც გუშინ ამ პროექტს მხარი არ დაუჭირა- საუბარია ბრძანებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გავლას. აქ მე მინდა ბატონ აკაკის და ბატონ ლევანს ვუთხრა, მიუხედავად იმისა მხარს დაუჭერთ თუ არ დაუჭერთ ამ ბრძანებას მე მაინც გაჩვენებთ და თქვეს მოსაზრებებსაც მოვისმენ, ამიტომ თქვენგანაც მოველი, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს თქვენც პასუხისმგებლობით იმოქმედებთ და მხარს დაუჭერთ ამ კანონს. ყველა ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია სადაც შესაძლებელია ვაჩვენოთ ერთსულოვნება და აქ ნამდვილად შესაძლებელია თანხმობის ჩვენება,"-განაცხადა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის: სახალხო დამცველის შერჩევის წესზე დღეს პარლამენტში მესამე მოსმენა გამართა. პარლამენტმა ინიციატივას კენჭი უნდა უყაროს. მანამდე კი გაკეთდა განმარტებები, რატომ შეცვალეს ოპოზიციურმა პარტიებმა პოზიცია მეორე მოსმენის დროს, როდესაც პირველისგან განსხვავებით, მათ მხარი უკვე აღარ დაუჭირეს ცვლილებებს.
სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესს მოქმედი ომბუდსმენიც აკრიტიკებს.