83 ხმით ერთხმად - პარლამენტმა, მესამე მოსმენით, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც, მომავალი სახალხო დამცველის არჩევა ახალი წესით მოხდება. 2022 წლის ბოლოს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება.
კენჭისყრამდე კეთდება განმარტებები, რატომ შეცვალეს ოპოზიციურმა პარტიებმა პოზიცია და რატომ აღარ დაუჭირეს მხარი ცვლილებებს. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში", "სტრატეგია აღმაშენებელში" და "ლელოში" განმარტავენ, პირველი მოსმენის ეტაპზე წარადგინეს საკუთარი მოსაზრებები, თუმცა მმართველმა გუნდმა არც ერთი არ გაიზიარა. მეორე მოსმენამდე სახალხო დამცველმა წერილიც გაავრცელა. "ქართული ოცნება" ამბობს, რომ მათ ოპონენტებს არგუმენტები არ ჰქონდათ.
"ვთქვით კონკრეტული დათქმები და ეს დათქმები იყო შემდეგი, რომ პირველი: ასეთი დაჩქარებული წესით არ ყოფილიყო რეგლამენტის ცვლილებები განხილული, მეორე: 9 კაციან კომისიაში რეალურად კომისია არ ყოფილიყო მხოლოდ ბრძანებით დარეგულირებული და მეტ-ნაკლებად კონტურები ყოფილიყო რეგლამენტში და მესამე: გაეთვალისწინებინათ კონკრეტულად ის შენიშვნები, რაც გვქონდა არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვადასხვა ოპოზიციას. ვინაიდან, ასეთი დაჩქარებული წესით წავიდა რეგლამენტის განხილვა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მესამე მოსმენით აღარ დაგვეჭირა მხარი," - ამბობს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, ოპონენტების მიზანია მაქსიმალურად შეექმნას შეფერხება 12 პუნქტის შესრულებას.
"პირველი მოსმენის დროს მეტმა მისცა ოპოზიციიდან ხმა ომბუდსმენთან დაკავშირებულ ცვლილებებს, შემდეგ იმისათვის, რომ ვიღაც ჩაერია ამ ყველაფერში და იმისათვის, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებს და ოპოზიციონერ პარლამენტარებს ჰქონოდათ საშუალება მეორე მოსმენაზე გადაეთქვათ პირველი მოსმენის დროს მიღებული გადაწყვეტილება, ომბუდსმენი ჩართო ვიღაცამ საქმეში. ომბუდსმენის მიერ გახმოვანებული პოზიციის შემდეგ მათ უკვე უარი თქვეს მხარდაჭერაზე. მარტივი თამაში იყო დალაგებული და ამას ბავშვიც კი მარტივად წაიკითხავს.
მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად შეექმნას შეფერხება 12 პუნქტის შესრულებას. ჩვენს მიერ შეთავაზებული წესის მიხედვით, მხოლოდ ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკური ჯგუფები ასახელებენ კანდიდატურებს. ამაზე მეტი გამჭვირვალობა ბუნებრივია ვერ იქნებოდა ჩვენი მხრიდან შეთავაზებული.
მთლიანად არსამთავრობოებს და ოპოზიციას მივანდობთ კანდიდატების შერჩევას და ამის შემდეგ ვერთვებით საქმეში. როდესაც აქაც კი ცდილობ საბაბი მოძებნო იმისათვის, რომ გაემიჯნო და მხარი არ დაუჭირო შესაბამის წესს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის თვითმიზანია 12 პუნქტის შესრულებისთვის ხელის შეშლა და ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლა, ეს მეტს არაფერს ნიშნავს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.