15 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
გახარიასთან დაკავშირებით მონათხრობს ნამდვილად არ ვემიჯნები, იმიტომ, რომ იქ ბევრი სიმართლე წერია - მამუკა მდინარაძე ოთხეულის წერილზე

საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალის" მორიგ წერილს, რომელშიც ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს პოზიციაა გაკრიტიკებული, პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი წერენ, კანონი ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია, აშშ-ის საელჩო კი მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რასაც რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისთვის იყენებს. წერილში ასევე საუბარი იმაზეც, რომ"უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა." 

საზოგადოებრივი მოძრაობის ხალხის ძალის მორიგი წერილი დღეს შეაფასა მმართველმა გუნდმაც. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ყოფილი თანაგუნდელების წერილებში ბევრი სიმართლე წერია, ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ოცნება არ ეთანხმება პოზიციას, ამ ყველაფერზე გარეთ ილაპარაკონ.  მამუკა მდინარაძემ ყოფილი პრემიერის საკითხზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ გახარიასთან დაკავშირებულ მონათხრობში ბევრი სიმართლეა:

"ზოგადად მათი მოთხრობილი ამბებისგან გამიჯვნაზე საერთოდ არ გვაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ ბევრი სიმართლე წერია, რა თქმა უნდა, იქ და ჩვენ ვერ დავაბრალებთ მათ, რომ რაღაც არასწორ ინფორმაციას ახმოვანებენ. უბრალოდ ერთადერთი განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის დავაფიქსირეთ და საზოგადოებასაც ვუთხარით - რა დოზით უნდა გამოვიდეს ეს ამბები გარეთ, რაზეც ჩვენ შიგნით ვლაპარაკობთ და არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, სადაც პოლიტიკოსებს კულისებში შენახული ამბები არ ჰქონდეთ. ბუნებრივი ამბავია, ყველაფერი შეიძლება გარეთ ვერ ილაპარაკო, ერთ შემთხვევაში დამაზიანებელი შეიძლება იყოს, მეორე შემთხვევაში არ იყოს რელევანტური მოცემულობასთან. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შორის არის ის, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით პოზიციას, რომ ამ ყველაფერზე გარეთ ვილაპარაკოთ. ამიტომ გაგვიჭირდება ასე დეტალურად კომენტირება, თუმცა შემიძლია ერთი რაღაცა გითხრათ - გახარიასთან დაკავშირებით მე ნამდვილად არ ვემიჯნები მე პირადად იმ მონათხრობს, რომელიც მასთან დაკავშირებით იყო, იმიტომ რომ  იქ ბევრი სიმართლე წერია," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები