04 მაისი 2024,   06:01
ვრცლად
ისტორიული პროექტი - როდის დასრულდება საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის გაჭრა და რამდენად ამცირებს მანძილს ახალი პროექტი 

საქართველოში ყველაზე გრძელი - 9-კილომეტრიანი გვირაბი იჭრება. ეს არის პროექტი, რომელიც ქვეშეთი-კობის გზას ახალ სიცოცხლეს შესძენს. 

ამოცანა ურთულესია, სირთულეს კი რელიეფი ქმნის, თუმცა მაღალტექნოლოგიური მანქანა ყველაფერს თავადვე ამარტივებს. უნიკალური დანადგარი ჯერ კლდის ქანებს ბურღავს, შემდეგ კი მიწის მასივი გარეთ გამოაქვს. პროცესი არ ჩერდება და ყოველდღიურად, საშუალოდ, 12-15 მეტრი იჭრება.

კლდის ქანების გარეთ გამოტანის შემდეგ, გაჭრილი მონაკვეთის მოპირკეთების სამუშაოები იწყება. მაღალტექნოლოგიური მანქანა ყველაფერს თავად უზრუნველყოფს, ეს ყველაფერი კი სპეციალური კაბინიდან იმართება. მართვის პულტთან 24-საათიანი მორიგეობაა.

მაშინ, როცა საქმე ბუნებისა და ტექნოლოგიების თანხვედრამდე მიდის, გადამწყვეტი მნიშვნელობა უსაფრთხოებას ენიჭება. იმისთვის რომ გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების კვალი არ დარჩეს, მანქანა დანადგარი განსაკუთრებული სიფრთხილით შეირჩა. საბურღი მანქანის ვიბრაცია მინიმალურია, შესაბამისად მინიმალურია გარემოზე მისი ზემოქმედებაც.

შანხაი-ფოთი-კობი - ეს მარშრუტი 4 000-მა ტონიანმა მაღალტექნოლოგიურმა მანქანამ სპეციალურად, საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის გასაყვანად გაიარა. გვირაბმთხრელი დანადგარი ჩინეთიდან დაშლილი ჩამოიტანეს, აწყობას რამდენიმე თვე დასჭირდა. გასული წლის მაისში კი, მისიის შესრულება დაიწყო და კლდოვანი ქანების ბურღვის სამუშაოებში ჩაერთო.

ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრიანი გვირაბი, ორზოლიანი და 15 მეტრის სიგანის იქნება, პროექტმა სრულად უნდა უპასუხოს საერთაშორისო სტანდარტებს, შესაბამისად მთავარ გვირაბს გვერდითვე მიჰყვება საევაკუაციო გვირაბი. თუმცა ეს გვირაბი მასშტაბური პროექტის მხოლოდ ერთი კომპონენტია.

მასშტაბური პროექტი მხოლოდ ამ გვირაბით არ შემოიფარგლება, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება იქამდე მოსასვლელი გზების ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაც.

პროექტის დასრულების შემდეგ, არსებული 34-კილომეტრიანი გზის ნაცვლად, ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 11 კილომეტრით შემცირდება. დროის შემცირებასთან ერთად, მთავარი ამოცანა - წელიწადის ნებისმიერ დროს მოძრაობის უწყვეტობის შენარჩუნება და გზის უსაფრთხოებისა და გამტარნურანობის გაუმჯობესებაა.

მილიარდ 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, 2024 წელს უნდა დასრულდეს, მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, აზიის განვითარებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

კობიდან ქვეშეთამდე მისასვლელად, თითქმის 2 საათია საჭირო, ახალი გზის დასრულების შემდეგ კი, ამ მონაკვეთის გავლა მხოლოდ 20 წუთში იქნება შესაძლებელი. 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები