03 მაისი 2024,   22:12
ვრცლად
რუსეთის მხრიდან ჯარების გადაჯგუფება თუ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევა- რა ხდება ფრონტის ხაზზე, სადაც ომის დაწყებიდან 200 დღე გავიდა

ომის დაწყებიდან 200 დღე გავიდა- უკრაინამ უკვე აქტიურად დაიწყო კონტრშეტევები ფრონტის თითქმის მთელ ხაზზე. ხარკოვში, ბოლო 24 საათში უკრაინის არმიის ჯარისკაცებმა ორი დასახლებული პუნქტი, ვასილენკოვო და არტემოვკა სრულად გაათავისუფლეს.

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც უკრაინული ძალები რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვის ოლქში მასშტაბურ კონტრშეტევას ახორციელებენ. შედეგად ორ მთავარ ქალაქზე, კუპიანსკისა და იზიუმზე დაიბრუნეს კონტროლი.

ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ეს ქალაქები არის რუსეთის "საკვანძო ლოგისტიკური ცენტრი" რეგიონში. უკრაინულ დაზვერვაში კი აცხადებენ, რომ ამ ქალაქების დაბრუნება "სერიოზულად დააქვეითებს" რუსეთის სახმელეთო კომუნიკაციების ხაზებს. უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარე პოზიციებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში

წარმატებულ კონტრშეტევები აღმოსავლეთის ფრონტზე სხვა ოლქებშიც გრძელდება. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ლუგანსკის ოლქიდან გარბიან. რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოკუპანტები იმ ქალაქებსაც ტოვებენ, რომლებიც რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიპყრო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ქალაქებიდან, იზიუმიდან და ბალაკლეადან გასვლას ადასტურებს და აცხადებს, რომ ახლა გადაჯგუფება დონეცკის რეგიონში მიმდინარეობს. დონეცკის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ოლქის ჩრდილოეთში, ქალაქ ლიმანთან და სხვადასხვა დასახლებულ პუნქტთან რთული ვითარებაა შექმნილი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა უკრაინის ტერიტორიაზე 16 სარაკეტო და 34 საჰაერო დარტყმა განახორციელა სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. ბოლო 5 დღის განმავლობაში უკრაინელებმა შეძლეს, გაერღვიათ საოკუპაციო ხაზები აღმოსავლეთში, შეეღწიათ 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინათ 3 000 კვადრატული კილომეტრი.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან შედეგს აძლევს პარტნიორების სამხედრო დახმარება, რაც უკრაინელებისთვის დაბრუნებულ ტერიტორიებში, რუსებისთვის კი ყოველდღე სულ უფრო მეტ სამხედრო დანაკარგებში გამოიხატება. ეს ეხება, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო და საზღვაო ძალებს.

დღის ამბები