პარლამენტში ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს, მთავარი თემა მართლმსაჯულების რეფორმაა.
ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელზეც არაერთი საკითხი გამოიკვეთა, მათ შორის, რა მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები იმისთვის, რომ სისტემა უფრო გამჭვირვალე გახდეს. მთავარი საკითხი იუსტიციის საბჭოს რეფორმაა.
"რეფორმა რეფორმისთვის ვერ ჩაითვლება 12 პუნქტის შესრულებად და ამის გამო საქართველოს არავინ მისცემს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ გვჭირდება რეალური რეფორმა, იქნება ეს საბჭოს დაკომპლექტება, იქნება ეს ადმინისტრირება სასამართლო სისტემის, რომლის არგამოსწორების შემთხვევაშიც სხვა ცვლილებები ვერ მოიტანს რეალურ შედეგებს,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი.
ამასთან, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი აცხადებს, რომ მათ მიერ შეთავაზებული ინიციატივები თანხვედრაშია ევროპულ რეკომენდაციებთან. სერგო ჩიხლაძე ასახელებს იმ მიმართულებებსაც, რა მიმართულებებიც იქნება განხილული.
"როგორც მოსამართლის შერჩევის წესთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებების მიღების წესთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭოს რეფორმირებასთან დაკავშირებით- ეს საკითხები იქნება კიდევ ერთხელ განხილული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ სულ თანხვედრაშია ჩვენს მიერ შემუშავებული ინიციატივები, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციებთან და ვენეციის კომისიის დასკვნებთან,"-განაცხადა ჩიხლაძემ.
იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც. არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" დირექტორის ნაზი ჯანეზაშვილის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული, თუ უმრავლესობაში არა მოსამართლე წევრები იქნებიან.
"რეფორმის თვალსაზრისით საჭირო იქნება შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა. დღეს ვინაიდან არიან მოსამართლეები უმრავლესობაში, ვფიქრობ, სამომავლოდ იქნება წინგადადგმული ნაბიჯი თუ უმრავლესობაში იქნებიან არა მოსამართლე წევრები. სწორად თუ იქნებიან შერჩეული ის წევრები სამომავლოდ მოახდენს ძალიან დადებით ეფექტს. დღეს ეს არ არის რეალისტური, მაგრამ ჩვენ ამაზე დისკუსია უნდა დავიწყოთ,"-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
უმრავლესობის განცხადებით კი, არსებობს სასამართლო საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფები, რომელიც არის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტი. მათივე თქმით, ყველა სუბიექტი უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში და თუ ვინმეს აქვს რაიმე ინიციატივა, ეს უნდა წარმოადგინონ სამუშაო ჯგუფში.