"ქართული ოცნების" ინიციატივას, საქართველოში არჩევნების უმეტეს უბნებზე ელექტრონული წესით ჩატარდებასთან დაკავშირებით, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. ისინი ამბობენ, რომ მათ აქვთ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით გარკვეული წინადადებები, რომელსაც მმართველ პარტიას შესთავაზებენ.
"მზად გვაქვს ჩვენი პროექტი, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით არჩვენების ჩატარების ინიციატივით გამოვდივართ. თუ ჩვენ ერთსა და იმავე დეტალზე ვლაპარაკობთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” წევრი პაატა მანჯგალაძე.
ალეკო ელისაშვილი კი, არჩევნების სრულად ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას დადებითად აფასებს.
"ეს იქნება ძალიან კარგი, რაღაც ძველი საანგარიშოებით და დომინოს ქვებით თვლა დამთავრდა. რუსთავში და ბათუმში, სადაც ბოლოს შუალედური არჩევნები ჩატარდა, ოპოზიციას არ დაუწერია არც ერთი საჩივარი, იმდენად ეფექტურია ესის პროცედურა,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი.
"ქართული ოცნების" ინიციატივით, საქართველოში არჩევნები უმეტეს უბნებზე ელექტრონული წესით ჩატარდება, მმართველი გუნდი კანონპროექტს უახლოეს პერიოდში დააინიცირებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს.
"ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი "საქართველოს საარჩევნო კოდექსის" გადასინჯვას შეეხება.