გიორგი ვაშაძე ყველა ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი კოლეგებს მოუწოდებს სახალხო დამცველის ასარჩევად შექმნილი სამუშაო ფორმატი დატოვონ. ვაშაძეს მიაჩნია, რომ სამუშაო ფორმატი, სადაც "სტრატეგიის" გარდა ყველა პარტიაა ჩართული, მხოლოდ ფორმალურად უნდა გამოიყენონ. ოპოზიციური პარტიის ლიდერს, რომელიც საქართველოს პარლამენტში 3 კაცითაა წარმოდგენილი, არ ეთანხმებიან კოლეგა ოპოზიციონერები. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ბრიუსელის მე-12 რეკომენდაციის შესასრულებლად ყველა ფორმატი უნდა გამოიყენონ.
გიორგი ვაშაძის მოწოდება პოლიტიკურ რადიკალიზმად აღიქვეს "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები პროცესს არა, მაგრამ "სტრატეგია აღმაშენებლის" იმიჯს ნამდვილად დააზიანებს. "ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია პროცესის გამჭირვალობა, თუმცა სახელისუფლებო პარტია კვლავ უარს ამბობს სახალხო დამცველის არჩევის პროცესში "ისფედთან" და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოსთან ითანამშრომლოს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის მოწოდება ყველა იმ ოპოზიციურ ძალას ეხება, რომლებიც ომბუდსმენის არჩევის პროცედურებში მონაწილეობენ. გიორგი ვაშაძე პროცესს "ფარსს" უწოდებს და აცხადებს, რომ სწორედ ეს არის არგუმენტი, რის გამოც კოლეგა პარტიებმა პოზიციებს უნდა გადახედონ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის განცხადება ადრესატების ნაწილმა შეგნებულად არ შეაფასა. ნაწილისთვის კი ვაშაძის მოწოდება ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა. ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც ახალი ომბუდსმენის არჩევის პროცედურებზე მუშაობენ ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანი სახალხო დამცველის ისეთი კანდიდატურის შერჩევაა, რომლის მხარდაჭერაზეც უარს ვერც სახელისუფლებო გუნდი იტყვის.
სახალხო დამცველის შერჩევის პროცესის ინკლუზიურობაა ის, რასაც საქართველოს პარტნიორები ქართული პოლიტიკური სპექტრისგან ელოდებიან. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვთ მიცემული და ახლა ყველაფერი სწორედ მათ მუშაობაზეა დამოკიდებული. "ქართული ოცნება" მხოლოდ 2 არასამთავრობო ორგანიზაციას, "სამართლიან არჩევნებს" და "საერთაშორისო გამჭვირვალობას" გამოყოფს, რომელთა ჩართვაც სამუშაო ჯგუფებში არ მოხდება. ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას დღეს მხოლოდ "ისფედი" გამოეხმაურა და ის მესამე სექტორზე ზეწოლის მცდელობად შეაფასა.
სახალხო დამცველის ახალი კანდიდატურები 9 კაციანმა საკონკურსო კომისიამ უნდა შეაფასოს, ამის შემდეგ კი ომბუდსმენობის მსურველებიდან არჩევანს პარლამენტი გააკეთებს.