მოძრაობა "ხალხის ძალა" განცხადებას ავრცელებს. დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ეველინ ფარკასის განცხადებებს აფასებენ და აცხადებენ, რომ როდესაც ფარკასი და უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს ომისკენ საჯაროდ უბიძგებენ, ხელისუფლებას ამ მოწოდებებზე საჯარო პასუხის გაცემაც მოუწევს.
საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ დაუშვებელია როდესაც საქართველოს მოუწოდებენ ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც საქართველოს დააზიანებს.
"როდესაც სანქციების დაწესებაზეა საუბარი, რატომღაც, ქალბატონ ეველინს ავიწყდება, რომ აშშ-მა სრული სანქციები არ აამოქმედა რუსეთის საწინააღმდეგოდ და საჯაროდ არის ეს გამოქვეყნებული.
ამბობს აშშ, რომ მას აქვს ისეთი პროდუქტები, რაზეც ის ვერ დააწესებს სანქციებს, მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ეს გასაგებია, მაგრამ რატომ არის მაშინ საქართველოზე ასეთი ზეწოლა, როდესაც ამერიკის სანქციები ნამდვილად იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე და საქართველოს სანქციები ვერ იმოქმედებს რუსეთის ეკონომიკაზე, პირიქით, საქართველოს დააზიანებს. მაგრამ ქალბატონი ეველინის პასუხი ამ კითხვაზე არის ის, რომ - "მერე რა?" მერე რა, თუ რუსეთი შემოიჭრება საქართველოში, მერე რა, რომ აქ დაიხოცება ხალხი, მთავარია, რომ ეს აწყობს, ქალბატონი ეველინის სახით, ამერიკულ პოლიტიკას და ეს არის ჩვენთვის აბსოლუტურად დაუშვებელი," - ამბობს მაჭარაშვილი.
საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, სოზარ სუბარი ამბობს, სამშვიდობო პოლიტიკა საქართველოსთვის ტერიტორიული მთლიანობის მიღწავის ერთადერთი გზაა.
"სამშვიდობო პოლიტიკა დღეს არის საქართველოსთვის ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება ჩვენ მიგვიყვანოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. არამხოლოდ იმიტომ, რომ ომი საქართველოსთვის დამღუპველია, რომ ომს მოჰყვება სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა და მთელი ქვეყნის ოკუპაცია, დანგრეული ქალაქები, დანგრეული სოფლები, ასეულობით და ათასობით მსხვერპლი, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ გვაქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს მხოლოდდამხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან, მათ შორის, ეთნიკურ ოსებთან და ეთნიკურ აფხაზებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მიღწევით," - თქვა სუბარმა.