საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის
განცხადებით, არჩევნების ელექტრონულად ჩატარება მაშინ იქნება სრულყოფილი, თუ ტექნოლოგიებთან ერთად, პოლიტიკური გარემოც გამართული და სამართლიანი იქნება. ნაცვლიშვილის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა გამოხმაურება მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიცია პროცესის დაზიანებას მიზანმიმართულად ცდილობს.
აქვე, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე ოპონენტებს განუმარტავს, თუ როგორ წარიმართება ელექტრონული არჩევნები და როგორ გააციფრულებენ არაელექტრონულად ჩატარებულ ბიულეტენებს, რომელიც, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს.
"ანა ნაცვლიშვილის განცხადება მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ არაინფორმირებულები არიან და როგორ უნდათ, ეს პროცესი დააზიანონ. საკუთარ თავს აყენებენ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც აკეთებენ მსგავს განცხადებებს, და არც კი იციან, თუ რა გადაწყვეტილებამდე მივიდა ჯგუფი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მინიმუმ 70% ამომრჩევლების დაიფარება იმ აპარატურით, რომელიც ელექტრონულ რეგისტრაციას, ხმის მიცემის პროცედურას, მის დათვლასა და შეჯამებას უზრუნველყოფს. დარჩენილ 30%-ში იმისთვის, რომ მისი დიგიტალიზაცია მოხდეს, მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაინიცირეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ბიულეტენის, რომელსაც ამომრჩეველი გამოიყენებს, საარჩევნოდ გაციფრულებას და ეს გაციფრულებული ბიულეტენები აიტვირთება ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა საარჩევნო უბანში მიცემული ხმა ელექტრონული ფორმატით იქნება უზრუნველყოფილი,"-აცხადებს მიქანაძე.
ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ ახალი წესი ყველა უბანზე უნდა დაინერგოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ უბნების ნაწილი, სადაც ხმებს ძველი სტანდარტით დაითვლიან, გაყალბების შესაძლებლობას იძლევა.