15 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
პარლამენტის არც ერთ წევრს არა აქვს იმის ვალდებულება, რომ გაემიჯნოს ან სოლიდარობა გამოაცხადოს - დავით სერგეენკო

საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონის მაღალი თანამდებობის პირებისგან კითხვები მიიღო იმ პირების მოტივების შესახებ, რომლებიც განაგრძობენ რუსულ დეზინფორმაციაზე დაფუძნებული შეთქმულების თეორიებისა და სიცრუის გამეორებას. როგორც ელჩმა "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, ვაშინგტონის მაღალჩინოსნებში დიდი დაბნეულობაა, თუ რატომ არ ემიჯნება ამას მთავრობა უფრო მკვეთრად და მკაფიოდ.

რატომ არ ემიჯნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები მათი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს, ეს კითხვა კელი დეგნანის ინფორმაციით, არსებობს ვაშინგტონში, თუმცა "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ აქვთ ვალდებულება გაემიჯნონ ამა თუ იმ პოზიციას და ამბობენ, რომ მათი ყოფილი წევრების განცხადებები და კითხვები არის ხშირ შემთხვევაში ლეგიტიმური და არ უნდა იყოს აღქმული დეზინფორმაციის კამპანიად.

"თუ კი არსებობს კითხვები, ამისთვის საჭირო არის კომუნიკაცია და ეს არის გამოსავალი და გასავალიც. მეორე ის, რომ პარლამენტი არ არის ინსტიტუცია, განსხვავებით მაგალითად მინისტრთა კაბინეტისგან, სადაც ვინმე უნდა გაემიჯნოს, ან მხარი უნდა დაუჭიროს ვინმეს განცხადებას.

პარლამენტში პარლამენტის ნებისმიერ წევრს აქვს იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს, მეორეს მხრივ - პარლამენტის არც ერთ წევრს არა აქვს იმის ვალდებულება, რომ გაემიჯნოს ან სოლიდარობა გამოაცხადოს. ეს არის პარლამენტი, სადაც ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენგკომ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ელჩის პოზიცია ოთხეულის განცხადებებთან დაკავშირებით უხერხული ბრალდებებია და დაუსაბუთებელი.

"არასასიამოვნოა, რბილად რომ ვთქვათ ის მიდგომა და ჩემდა სამწუხაროდ ესეც არის დაუსაბუთებელი, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრი სვამს კითხვას და ეს კითხვები რიგ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და მითუმეტეს იმ დროს, როდესაც სრული ბუნდოვანება არის და არავინ ამაზე პასუხს არ იძლევა, ცხადია, რომ ეს ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გასაოცარი არის ქალბატონი ელჩის პოზიცია, რომ თურმე ოთხეულის განცხადებები და პოზიცია ყოფილა რუსული ნარატივი. ეს არის ძალიან სამწუხარო და ძალიან უხერხული ბრალდებებია, ამავდროულად აბსოლუტურად დაუსაბუთებელი," - ამბობს ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები