15 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
"ნულს როდესაც უმატებ ნულს, ჯამი არის უცვლელი" - რა შეფასებები მოჰყვა "კურიერის" ინფორმაციას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ახალი კოალიციის შესახებ

"კურიერის" ინფორმაციას რომ "სტრატეგია აღმაშენებელი," "ლელო საქართველოსთვის," "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" სავარაუდოდ ახალ გაერთიანებას ქმნიან, უკვე მოჰყვა შეფასებები სახელისუფლებო გუნდში.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, აღნიშნული პარტიები აქამდეც გაერთიანებულები იყვნენ და მათ შორის პრაქტიკულად არავითარი განსხვავება არ არსებობს.

"ჩვენ პარლამენტში უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ესენი გაერთიანებულები არიან. სხვადასხვა ნომერი რომ აიღეს და სხვადასხვა სახელები დაირქვეს, რა თქმა უნდა, ეს იყო მორიგი თვალთმაქცობა. მოლაპარაკებების პროცესშიც ნათლად ჩანდა, რომ ეს იყო რეალურად ერთი პოლიტიკური ჯგუფი და დღეს თუ ღიად აკეთებენ განცხადებას ამაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს მათ შორის პრაქტიკულად არავითარი განსხვავება არ არსებობს. მათ აქვთ უბრალოდ როლები განაწილებული. ერთი არის დაკავებული პარლამენტის წინ აზომვებით, მეორე არის დაკავებული დესტრუქციული განცხადებებით, მესამე პარლამენტში ევრორეკომენდაციების საბოტაჟით. ახლა ამ ყველაფერს შეაერთებენ და სამივე იქნება სამივე როლით დაკავებული. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ცვლილება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა "ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი ალუდა ღუდუშაური.

"არავისთვის საინტერესო არ არის ეს, ნულს როდესაც უმატებ ნულს, ჯამი არის უცვლელი," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. 

დღის ამბები