15 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
"ასეთი გაერთიანება ბევრი გვინახავს, დაშლილიც გვინახავს, დაშლილებში ჩაბარებული, ფეიქრებზე..." - როგორ აფასებენ ოპოზიციაში კოლეგების ნაწილის შესაძლო ახალ კოალიციას

"სტრატეგია აღმაშენებელი," "ლელო საქართველოსთვის," გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" - "კურიერის" ინფორმაციით, პარტიებმა შესაძლოა კოალიცია შექმნან.

მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარებას სხვა პოლიტიკოსები სკეპტიკურად უყურებენ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი კოლეგებს აკრიტიკებს კიდეც. მათთვის ახლა გაერთიანების მიზანი გაუგებარია.

"გასაგებია რომ ერთიანდებიან. ერთადერთი გიორგი ვაშაძის ბოლო აქტივობა რაც არის პროევროპული კი არა პროქართული ოცნების აქტივობაა, იმიტომ რომ ყველაფერს აკეთებს რომ "ქართული ოცნების" პოზიცია გაძლიერდეს და ოპოზიცია გაძლიერდეს. თუ ასეთი შეხედულებებით აგროვებს პარტნიორებს და მხარდამჭერებს, მაშინ ეს გაერთიანება შესაძლოა დამაზიანებელი იყოს ზოგადად ოპოზიციური სპექტრისთვის. თავისთავად გაერთიანებებში მე პრობლემას ვერ ვხედავ. თუ მერე გვეტყვიან, რა იდეების დასაცავად ერთიანდებიან, უკეთესი იქნება," - განაცხადა "გირჩის" ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

"მოქალაქეების" ლიდერი ოპოზიციის ნაწილს მეტი პასუხისმგებლობებისა და სერიოზულობისკენ მოუწოდებს.

"ასეთი გაერთიანებები ბევრი გვინახავს და მერე დაშლილიც ბევრი გვინახავს, დაშლილებში ჩაბარებული, ფეიქრებზე... ცოტა სერიოზულად უნდა ვიფიქროთ რაღაცებზე, ეს ეხება პირველ რიგში ოპოზიციონერ კოლეგებს. ხან ვადამდელს აცხადებენ, ხან მდუღარე შემოდგომას გვპირდებიან. ცოტა სერიოზულად უნდა დავჯდეთ. ცოტა მეტი სერიოზულობა და პასუხისმგებლობა და ნაკლები სიცანცარე. ღირებულებითი ერთობა ოპოზიციასთან ძალიან ცოტასთან გვაკავშირებს ჩვენ პარტიას," - აღნიშნა "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა.

კოალიციის ფორმირების შემთხვევაში სამომავლო თანამშრომლობას არ გამორიცხავს "ნაციონალური მოძრაობა."

"ალბათ დრო გვაჩვენებს, რა პერსპექტივა ექნება მსგავს გაერთიანებას, თუმცა რაც შემიძლია გითხრათ, აშკარაა და ბოლო კვლევებით ეს გახდა ნათელი მოთხოვნა ოპოზიციური ერთობისა საზოგადოებაში არის. რაც შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობას", ბუნებრივია, ჩვენ ყველა ჭეშმარიტად ოპოზიციურ პარტიასთან, საზოგადოებრივ ჯგუფთან თუ ადამიანთან ვაპირებთ რომ ვითანამშრომლოთ," - განაცხადა ენმ-ის წევრმა დავით კირკიტაძემ.

დღის ამბები