15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
გაეროს 77-ე ასამბლეა 157 ქვეყნის მეთაურს და დელეგაციას მასპინძლობს, მათ შორის არის საქართველოს პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი ასამბლეას სიტყვით მიმართავს

მსოფლიო ლიდერები ლონდონის შემდეგ უკვე ნიუ-იორკში იკრიბებიან - გაეროს 77-ე ასამბლეა 157 ქვეყნის მეთაურს და დელეგაციას მასპინძლობს. მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასამბლეაზე სიტყვითაც გამოვა.

ასამბლეა ოფიციალურად 13 სექტემბერს გაიხსნა, თუმცა ლიდერების სიტყვით გამოსვლა და დებატები ხვალიდან იწყება.

გაეროს ასამბლეის 77-ე სესია ბოლო 3 წლის განმავლობაში მსოფლიო ლიდერების ყველაზე მასშტაბური შეკრების ადგილი გახდება. 74-ე სესიის შემდეგ, პანდემიის გამო ასამბლეა შეზღუდული ფორმატებით იმართებოდა.

თუ რა პრიორიტეტები აქვს საქართველოს გაეროს წლევანდელ შეხვედრებზე, ეს "კურიერმა" კითხა ელჩს გაეროში დავით ბაქრაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ გლობალური უსაფრთხოება, ენერგოუსაფრთხოება, ცხადია, საქართველოს გამოწვევები - ტერიტორიული მთლიანობა, რეგიონული უსაფრთხოება, გაეროს ფორმატში გამართული შეხვედრების მთავარი თემა იქნება.

"უკვე დაასახელა 3 პრიორიტეტი შეერთებულმა შტატებმა. ვაშინგტონი გამოიყენებს გენერალური ასამბლეის ტრიბუნას, რათა კიდევ ერთხელ მოახდინოს მსოფლიოს მობილიზება გაეროს როლსა და იმ საკითხზე, რომ რუსეთის არაპროვოცირებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, გაეროს ქარტიას და პრინციპებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ამერიკა და მისი მოკავშირეები უდავოდ შეეცდებიან მათ მხარეს დადგნენ ის პარტნიორებიც, ვგულისხმობ დიდ აზიურ ქვეყნებს, რომლებსაც მოსკოვის წინააღმდეგ მკვეთრი პოზიცია არ ჰქონიათ.

ცხადია, უკრაინა იქნება ერთ-ერთი მთავარი თემაც, გენერალურ დებატებზე ჯო ბაიდენის გამოსვლის დროს, რომელმაც დედოფალ ელისაბედის დაკრძალვაზე დასწრების გამო 1 დღით გადაიწია. ასევე, ამერიკის პრიორიტეტია გლობალურ დონეზე საკვების უსაფრთხოება, როდესაც კაცობრიობის მეხუთედი შიმშილის პირას დგას. მესამე პრიორიტეტი კი გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოება და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაა," - აცხადებს საქართველოს ელჩი გაეროში დავით ბაქრაძე.

ამჯერად დაშვებულია მხოლოდ ერთი გამონაკლისი - ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმრთა კიევიდან.

უკრაინა და ბირთვული საფრთხე, ენერგეტიკული და ეკონომიკური კრიზისები, ეკოლოგია - ცივი ომის შემდეგ მსოფლიო ერთდროულად ამდენი გამოწვევების წინაშე არ ყოფილა.

ლიდერების ყოველწლიურ შეკრებას არ ესწრება პუტინი, თუმცა მის მიერ დაწყებული ომი გაეროში მთავარი თემაა.

"მთელი რიგი სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურები ჩამოდიან ნიუ-იორკში. ისინი ეწვევიან გაერთიანებულ ერების ორგანიზაციას. შეხვდებიან ერთმანეთს, ასევე წარმოთქვამენ თავიანთ სიტყვას გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე. გენერალური ასამბლეა განიხილავს უკრაინის საკითხს, სადაც ომი ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო. მსჯელობა იქნება მთელს მსოფლიოში საკვებისა და სასუქის მიწოდების თემაზე. ჩვენ მოვისმენთ ამ სახელმწიფოებისგან მათ პოზიციებს," - აცხადებს გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილე ფარჰან ჰაკი.

დღის ამბები