"ხალხის ძალის დამფუძნებლების მიერ დაანონსებულ შესაძლო გაფართოების საკითხს უკვე მოჰყვა ოპოზიციის წევრების კრიტიკული გამოხმაურებები. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ეს იქნება ანტიდასავლური ძალების გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების განცხადებებს მავნებლობას უწოდებს, რომელიც მისი თქმით, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას აზიანებს. მისთვის ასევე გაუგებარია, რას ემსახურება მათი გაფართოება.
"გაუგებარია, რას ემსახურება. უმადურობის და მავნებლობის სინთეზი და სიმბიოზია და მეტი არაფერი. ეს არის ცეცხლთან თამაში. ეს არის ყოვლად აუხსნელი და ძალიან საშიში ღონისძიება, რომელიც აზიანებს ქართულ სახელმწიფოს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას და მეგობრობას," - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
"ქართული ოცნების" მორიგ ტრიუკს უწოდებს ოთხეულის განცხადებებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი, თეონა აქუბარდია.
"ოთხეული, თუ რასაც არქმევენ საკუთარ თავს, არის ქართული ოცნების მორიგი ტრიუკი, იმისთვის, რომ შეინარჩუნოს მართ შორის ანტიდასავლურად განწყობილი მოქალაქეების მხარდაჭერა "ქართული ოცნების" ყულაბაში. ეს არის ძალიან მარტივი არის. კიდევ ერთხელ, მიმაჩნია, რომ სერგო ორჯონიკიძეობა არის საქართველოს თანამედროვე ისტორიაში სამარცხვინო რამ და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ რამეზე მიდიან დეპუტატები," - აცხადებს თეონა აქუბარდია.