საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა. ჰელგა შმიდთან საუბრის დროს ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან.
ქართულმა მხარემ გენერალურ მდივანს საქართველოს საკითხის ორგანიზაციის დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა; განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესია.
აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი ქმედებების განხორციელების პროცესში. ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.