01 მაისი 2024,   13:45
ვრცლად
ნიკო კვარაცხელიას საქმეზე დღეს მესამე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა - "კურიერმა" მოიპოვა ჩვენება, სადაც დაკავებული გარკვეულ თანხაზეც ყვება

ნიკო კვარაცხელიას საქმეზე დღეს, მესამე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვაში სასამართლომ დამნაშავედ ირაკლი ბიბილეიშვილი ცნო.

გამოძიების ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდის მკვლელობის შემსრულებლები დანაშაულის ჩადენის შემდეგ სწორედ მან შეიფარა. აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბიბილეიშვილმა ბებიამისი კუთვნილ ბინაში ერთი ღამით შეიფარა. საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა ისიც, რომ დამნაშავეებმა მას გარკვეული თანხაც აჩუქეს.

მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ციხეში სამ წელს გაატარებს ირაკლი ბიბილეიშვილი. გამოძიების მტკიცებით, ის ერთ-ერთია, ვინც ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს საკუთარ სახლში მალავდა. განაჩენი მოსამართლემ კამერების გარეშე გამოაცხადა. ბრალდებულის ახლობლებვმა კომენტარი არ ისურვეს.

უკვე მსჯავრდებული ირაკლი ბიბილეიშვილი სასამართლო დარბაზში დღეს ამტკიცებდა, რომ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა როდესაც კავილაძეს და ჭელიძეს მასპინძლობდა. მსჯავრდებულმა მოსამართლეს უთხრა ისიც, რომ მას პოლიცია აღიარებითი ჩვენების მიცემას აიძულებდა.

განაჩენის გამოცხადებამდე ბრალდებულმა თავის მართლება სცადა. მოსამართლემ საკუთარ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა იმ საეჭვო გარემოებებს, რის გამოც გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მათ შორის საუბარია 1200 ლარზე, რომელიც მკვლელობის შემსრულებლებმა მასპინძელ ბიბილეიშვილს სახლში დაუტოვეს. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რომელიც კურიერმა მოიპოვა, დაკავებული ამ თანხაზეც ყვება.

"დავჯექით მისაღებ ოთახში. გიორგი კავილაძემ ჯიბიდან ამოიღო ფულადი თანხა - 100 და 50-ლარიანები, დაახლოებით 1000-1200 ლარი და დადო მაგიდაზე. ვკითხე, რა ხდებოდა და მითხრა ამ თემაზე არ ვისაუბროთო. შემდეგ, მათ მაცივრიდან გამოვუღე სენდვიჩი და ჭამეს, შემდეგ კინოს ვუყურეთ,"- წერია ჩვენებაში. 

ბიბილეიშვილის განაჩენით უკმაყოფილო ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

ირაკლი ბიბილეიშვილი ერთ-ერთია იმ პირებიდან ვინც თბილისის ცენტრში მომხდარი მკვლელობის შემსრულებლები შეიფარა, გამოძიების ინფორმაციით იმ ბრალდებულთა წრე რომელმაც დანაშაული დაფარა შესაძლოა გაიზარდოს.

 

დღის ამბები