მოსამართლე ლევან მურუსიძე უახლოეს დღეებში პროკურატურას მიმართავს, ის სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. მურუსიძემ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ გოგაშვილი მის საქმიანობაში ჩარევას ცდილობდა და სუს-ის მოპოვებული კომპრომატების გასაჯაროებით ემუქრებოდა, თუ აღკვეთის ღონისძიებას არ შეუცვლიდნენ.
მოსამართლის ამ სკანდალურ განცხადებას სახალხო დამცველის ოფისში, არასამთავრობო სექტორსა და საკანონმდებლო ორგანოში ეხმაურებიან.
"თუ კი გარკვეული ზეწოლის მცდელობას ჰქონდა ადგილი, ან არასათანადო კომუნიკაციას, რაც საერთო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მიხედვით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, გასაკვირია რატომ ხდება გვიან, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ამაზე საუბარი, გასაჯაროება და ან მიმართვაზე მსჯელობა ახლა. ასე რომ, ბუნებრივია ეს არის კითხვები, რომელზეც ბატონმა მურუსიძემ უკვე დეტალურად უნდა ისაუბროს.
იქნება ეს ყოფილი თუ მოქმედი მოსამართლე, ვისაც აქვს კონკრეტული მტკიცებულება, ინფორმაცია და დამადასტურებელი, აუცილებლად უნდა ისაუბროს ამაზე, გაასაჯაროვოს და შესაბამისი მსვლელობა მისცეს საქმეს," - ამბობს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გოირგი ბურჯანაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სასამართლოში მძიმე სიტუაციის არსებობას მურუსიძის განცხადებაც და თავად გოგაშვილის პოსტებიც ადასტურებს.
"სასამართლოში რომ მძიმე სიტუაცია არის ამას ადასტურებს მურუსიძის გამოსვლაც, გოგაშვილის პოსტებიც ამასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან საინტერესო მოვლენების განვითარების ეტაპი, ვინაიდან ჩვენ ალბათ ვნახავთ მომავალშიც კიდევ უფრო სხვადასხვა საინტერესო დეტალებს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს გამოძიება," - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი.