პრემიერის გაეროში გამოსვლას აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მთავარი გზავნილები გაეროში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იყო.
"ზუსტი შეფასებები გააკეთა პრემიერ-მინისტრმა. ჩვენი დასავლური კურსის საფუძველი, წინაპირობა და აუცილებლობა გამოკვეთილი იყო ამ გამოსვლაში. საგანგებო მნიშვნელობის თემებია საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა და მსოფლიოს ინტერესი შეინარჩუნოს საქართველომ. სტაბილურობა და უსაფრთხოება, ესენი ერთადერთი ალტერნატიული, სატრანზიტო დერეფანია იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ერთის მხრივ, საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ რეგიონს, ასევე, მთელი მსოფლიოს ინტერესებს უპირისპირდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქართველოს მიმართ აქვს აგრესიის ეს ფორმა, რასაც ოკუპაცია ჰქვია.
საკვანძო საკითხები, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, საყურადღებოა," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, პრემიერმა საკმაოდ მკაფიოდ წარმოადგინა ის გეგმა და მთავარი ამოცანები, რაც ქვეყანას აქვს, პირველ რიგში, კი ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას შეეხება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს მიმართა. პრემიერის გამოსვლის მთავარი გზავნილები რუსულ ოკუპაციას, უკრაინისადმი საქართველოს დახმარებას, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რეგიონის უსაფრთხოების საკითხში ჩვენი ქვეყნის წვლილს, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო იზიარებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ მიაღწია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, რუსეთის მიერ, საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის ოკუპაციის მიუხედავად, ქვეყანა ყველა შესაძლებლობას იყენებს, საერთაშორისო თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად.