პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს სამ საათზე მეტ ხანს უსმენდნენ. ზურაბ აზარაშვილი საკანონმდებლო ორგანოში პარტია "საქართველომ" და დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ დაიბარეს.
განხილვის ძირითადი თემა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა იყო. ოპოზიციას ჰქონდა კრიტიკული შეფასებები და კითხვები. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, პროგრამა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, ვლინდება დისკრიმინაციული მიდგომებიც და არ პასუხობს გამოწვევებს.
"250 ლარი ხელფასით დღევანდელ საქართველოში, დღევანდელი ინფლაციის პირობებში აბსოლუტურად არაფერი არ არის და ის ფაქტი, რომ ადამიანებს სახლში გააჩნიათ ტელევიზორი, მაცივარი და სახლი აქვთ მემკვიდრეობით მიღებული, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი კარგად ცხოვრობენ.“ - ამბობს თეონა აქუბარდია.
დღევანდელ ინტერპელაციას კამათის და დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. ხმაური დავით კირკიტაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც სოციალურად დაუცველი პირებისთვის დასაქმების პროგრამა გააკრიტიკა. მისი თქმით, სოციალურად დაუცველთა რიცხვი ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
"სოციალურად გაჭირვებულები კი არ ამოიყარეთ გაჭირვებიდან, თანამდებობის პირები გახადეთ მილიონერები და ხალხს გაუჭირვეთ. ეს არის რეალობა... ხალხს გაეცით პასუხი, ყველაზე მეტი გაჭირვება იქ არის, საიდანაც თქვენ ხართ," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
სხდომაზე დავით კირკიტაძის საპასუხოდ განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში უამრავ მოქალაქეს მიეცემა საშუალება, დამატებითი შემოსავალი ჰქონდეს.
"სამი შიდა კლანიდან, ერთის მეთაურმა დაავალა დღეს ისტერიკაში ჩავარდნილ ადამიანებს, რომ თქვენ უნდა დაიკავოთ რადიკალური ნიშა. და დღეს გაგიჟდა ისეთი ადამიანი, რომელსაც ორი წელია, ხმა არ ამოუღია. იმერულ ესკიზებშია ხომ, ხმა რომ არ ამოგიღია ორი წელი, ამდენი ხანი რომ ზიხარ აქო. ორი წელი ხმა არ ამოუღია და დღეს ჩავარდა ისტერიკაში, თურმე ხალხის ბედი აწუხებს და არ არსებობს იმაზე მეტი მდაბიო პოპულიზმი, წარმატებულ ადამიანს მიუბრუნდე და უთხრა, რომ იცი რა, შენ მდიდარი ხარ და შენ სადაც მაჟორიტარი ხარ, იქ უჭირთ თურმე ხალხს.
დიახ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, მაგრამ არა ისე საბედნიეროდ, როგორც თქვენ დროს. თქვენ ახლა გადასულები ხართ რომელი აჯობებთ ერთმანეთს რადიკალიზმში შიგნით. ამ დროს, ეს ხალხი გისმენთ და სულ არ აინტერესებთ, კირკიტაძე და ხაბეიშვილი აჯობებენ თუ თქვენი კლანის რომელიღაც წარმომადგენელი, თუ მიშას სასტავიდან ვიღაც გამოვა და უფრო რადიკალური იქნება და უფრო მეტად "მიახურავს“ ვიღაცას. ამაზე ხართ გადასულები და ეს თქვენი შიდა თამაშები შეინახეთ შიგნით და როგორც ერთმანეთს უბრახუნებთ შიგნით, გააგრძელეთ ის ბრახუნი. აქ სიტყვების უაზრო ბრახუნს დაანებეთ თავი,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.