15 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
შემფასებელი კომისია, რომელმაც ომბუდსმენის კანდიდატებზე რეკომენდაცია უნდა გასცეს, დაკომპლექტებულია

შემფასებელი კომისია, რომელმაც ომბუდსმენის კანდიდატებზე რეკომენდაცია უნდა გასცეს, დაკომპლექტებულია. დავით ასათიანი, თამარ ზარანდია, ნათია კუპრაშვილი, ლარისა ლიპარტელიანი, ელენე რუსეცკაია, არნო სტეპანიანი, ნინო ჩხობაძე, ეკა ციმაკურიძე და ლევან ცუცქირიძე- სწორედ ეს პირები შეაფასებენ ქულებით ომბუდსმენობის კანდიდატებს, რის შემდეგაც მათი შეფასება დეპუტატებს გადაეგზავნება.

ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ კომისიის ცალკეულ წევრებთან შეკითხვები აქვს, ნაწილს კი ენდობა. 

"პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა სია, ვინ იქნება იმ 9 კაცში, რომელიც შეფასებას გაუკეთებს სახალხო დამცველის კანდიდატებს და ამ სის ირგვლივ გვქონდა მსჯელობა, განსაკუთრებული წინააღმდეგობა, ან პრეტენზია არავის მხრიდან არ ყოფილა იმიტომ, რომ თვითონ სია, ვთვლი, რომ ნორმალურია. მე შემიძლია გაგაცნოთ ეს სია, ესენი არიან: დავით ასათიანი, თამარ ზარანდია, ნათია კუპრაშვილი, ლარისა ლიპარტელიანი, ელენე რუსეცკაიაანრო სტეპანიანი, ნინო ჩხობაძე, ეკა ციმაკურიძე, ლევან ცუცქირიძე,"-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილისთვის წარმოდგენილი კანდიდატები სრულად აკმაყოფილებენ მოცემულ სტანდარტებს.

"წარმოდგენილი კანდიდატები, მათ შორის, ჩვენ მიერ მიწოდებული კანდიდატურები აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია ამ პოზიციებისთვის. ამ შემფასებელ ჯგუფს არ ექნება დიდი კომპეტენცია, მათ უნდა შეაფასონ კონკრეტული კანდიდატები კანონთან კრიტერიუმების შესაბამისობის თაობაზე,"-აცხადებს ლევან ბეჟაშვილი. 

პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ანა ბუჩუკური კი ამბობს, რომ, კომისიის ცალკეულ წევრებთან კითხვის ნიშნები აქვს. 

"ქართულმა ოცნებამ" წარადგინა მისი სია ვინ იქნება ამ შემფასებელთა სამუშაო ჯგუფში. ზოგიერთი სახელის და გვარის მიმართ გარკვეული კითხვის ნიშები ჩვენს გუნდს აქვს, ვინაიდან ვთვლით, რომ გარკვეული კავშირები მათ აქვთ ხელისუფლებასთან, თუმცა მთავარია პროცესი და პროცესი გვიჩვენებს- ნაწილი მათგანი არის ჩვენთვისაც საკმაოდ მისაღები,"-აცხადებს ანა ბუჩუკური. 

უმრავლესობა კი აცხადებს, რომ ნდობის ფაქტორი მაღალია და კანდიდატები შეირჩა, როგორც აკადემიური წრეებიდან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციათა რიგებიდან.

დღის ამბები