პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ნდობის ფაქტორი მაღალია და კანდიდატები შეირჩა როგორც აკადემიური წრეებიდან, ასევე, არასამთავრობო სექტორიდან.
"სრულფასოვანი წარმომადგენლობითობა ამ შემთხვევაში ამ ჯგუფში. პროფესიული წარმომადგენლობა, სფეროები, რომელსაც უნდა წარმოადგენდეს ეს ჯგუფი ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით სრულად არის დაკომპლექტებული. კერძოდ, აქ არის აკადემიური წრე წარმოდგენილი, აქ არის პროფესიული წრეც, ადვოკატთა ასოციაციის სახით წარმოდგენილი, აქ არის ასევე სხვადასხვა ნიშით სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანთა ფართო წრე, რომელიც ყველა უფლებადაცვითი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს.
მათ არ ექნებათ გადაწყვეტილების მიღების უფლება პოლიტიკოსების ნაცვლად. წარმომადგენლობით ამიტომ დაკომპლექტდა, რომ მაქსიმალურად სრულფასოვნად მოხდეს შეფასება იმ კანდიდატურებისა, რომელიც მომართავენ პარლამენტს ამ პროცედურებში მონაწილეობის მიღების მიზნით,"-აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
შემფასებელი კომისია, რომელმაც ომბუდსმენის კანდიდატებზე რეკომენდაცია უნდა გასცეს, დაკომპლექტებულია. დავით ასათიანი, თამარ ზარანდია, ნათია კუპრაშვილი, ლარისა ლიპარტელიანი, ელენე რუსეცკაია, არნო სტეპანიანი, ნინო ჩხობაძე, ეკა ციმაკურიძე და ლევან ცუცქირიძე. სწორედ ეს პირები შეაფასებენ ქულებით ომბუდსმენობის კანდიდატებს. რის მერეც მათი შეფასება დეპუტატებს გადაეგზავნება. ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ კომისიის ცალკეულ წევრებთან შეკითხვები აქვს, ნაწილს კი ენდობა.