15 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
მზად ვარ ჩემი საბანკო ანგარიშები გავასაჯაროო ნებისმიერ დროს - რას პასუხობს ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძეს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ენმ-ში პასუხობენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ დავით კეზერაშვილი ოლიგარქად ვერ აღიქმება, რადგან მას არ აქვს ზეგავლენა ხელისუფლებაზე. 

ბოლო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების საკითხი პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად განიხილება. პასუხად, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გამოდის ინიციატივით, რომ როგორც პოლიტიკოსების, ასევე, პარტიის მხარდამჭერებმა შემოსავლები გაასაჯაროონ

"მე მზად ვარ ჩემი საბანკო ანგარიშები გავასაჯაროო ნებისმიერ დროს. მე მხოლოდ პოლიტიკოსები არ მიგულისხმია, მე ვიგულისხმე ყველა ადამიანი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილს ებრძოლოს. არავითარი გავლენა არავის არ აქვს. ჩვენ პარტიაში გუნდური გავლენაა, ამიტომ ნებისმიერი გადაწვეტილება გუნდურად მიიღება და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროცესი და მომენტი შეირჩა ახლა პარტიაზე თავდასასხმელად.

რაც შეეხება ბრალდებებს, რომელიც გუშინ გაჟღერდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტური მოწოდებები იყო პარტიის ნგრევისკენ მოწოდება. მე ვფიქრობ, რომ არცერთ ჟურნალისტურ სტანდარტში ეს არ ჯდება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

განცხადება გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც, მისი თქმით, დავით კეზერაშვილი ოლიგარქი ვერ იქნება, რადგან მთავრობაზე ზეგავლენა არ აქვს. 

"საზოგადოებას არ უნდა შევასაღოთ, რომ ყველას ვისაც შესაძლოა დიდი ფული ჰქონდეს, ეს არის ოლიგარქი​. ოლიგარქი არის ის, ვინც არაფორმალურ გავლენებს იყენებს და მთავრობაზე აქვს ზეგავლენა. კეზერაშვილს მთავრობაზე ზეგავლენა ვერ ექნება. ის არის ოპოზიციური არხის დამფუძნებელი და არის პოლიტიკური დევნილი," - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ენმ-ში დაპირისპირების მიზეზი დავით კეზერაშვილის დაფინანსებაა, რომლისთვისაც მიუღებელია ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავარი მიზანი უნდა იყოს ოლიგარქების ჩამოშორება და ქვეყანამ სწორედ ამას უნდა მიაღწიოს ქართულ პოლიტიკაში.

დღის ამბები