15 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
"ისინი უნდა მიხვდნენ, რომ კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებიან საკუთარი გადაწყვეტილებების გამო" - მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის შესახებ 

ენმ-ის წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიციაში ახლა კრიზისია, გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიციაში კრიზისი ახლა არ დაწყებულა. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ეს მათი პოლიტიკური ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით არის გამოწვეული. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ოპონენტების გადაწყვეტილებები ხშირად ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. 

"არ შემიძლია არ დავეთანხმო მოსაზრებას, რომ ოპოზიციაში არის კრიზისი. არის კრიზის, ოღონდ ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ეს მაგალითად, 2020 წლის არჩევნების შემდგომ დაგეგმილი ქმედებების დროს. კრიზისი იმიტომ კი არ აქვთ, რომ ლიდერი არ ჰყავთ გამოკვეთილი და ა.შ. სინამდვილეში, ისინი უნდა მიხვდნენ, რომ კრიზისულ მდგომარეობაში იმყოფებიან საკუთარი გადაწყვეტილებების გამო, იმ გადაწყვეტილებების, რომელიც ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად დისონანსშია, კოლიზიაშია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, მათსავე ამომრჩევლის ინტერესებთან. ეს არის რეალურად კრიზისის განმაპირობებელი და არა ის, რომ მათ შეიძლება ვინმე ქარიზმატული ლიდერი ჰყავთ თუ არ ჰყავთ," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ზარქუას თქმით, კარგია ოპოზიცია თუ მიხვდა, რომ რეორგანიზაცია საჭიროა.  

"კარგია, მიხვდნენ, რომ რეორგანიზაცია სჭირდებათ. ამას ვეუბნებოდით ჩვენ, რომ მათი ხედვა, მსოფლმხედველობა, აქტიურობა, წინადადებები არ შეესაბამებოდა საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის გამოწვევებს და იცით თქვენ, რომ არა ერთხელ ვამხილეთ ისინი ცრუ ბრალდებებში, ვამხილეთ არასწორ მოქმედებებში და ა.შ. ამ ქვეყანას არ სჭირდება შერყევა და რევოლუციური სცენარები, ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობიანი განვითარება," - ამბობს ირაკლი ზარქუა.

 

 

დღის ამბები