საქართველოს პარლამენტი გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრე ლუკაშენკოს ჩასვლას - დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ურთიერთობებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
როგორც უმრავლესობა ამბობს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისთვის, რომ მომხდარს შესაბამისი პასუხი გასცეს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს დამოკიდებულება იქნება უკომპრომისო და ამას ვერც ერთ შემთხვევაში შემწყნარებლურად ვერ მივუდგებით.
"საქართველოს დამოკიდებულება იქნება რა თქმა უნდა უკომპრომისო და ამას ბუნებრივია, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მივუდგებით შემწყნარებლურად. ეს არის ის პროცესი, სადაც რა საკვირველია ვერც ერთ შემთხვევაში ამ პრინციპული პოზიციიდან საქართველო უკან ვერ დაიხევს და ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ უკან დაიხიოს სხვამაც, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ნებისმიერი მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე - ეს არის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელი. ამას ვუყურებთ როგორც შესაძლო რისკს, მაგრამ არ მგონია, რომ საქმე აქამდე მივიდეს," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ უმრავლესობა ელოდება ბელარუსული მხრიდან განმარტებებს, თუ რამ გამოიწვია ამგვარი არამეგობრული ნაბიჯი ბელარუსის პრეზიდენტისგან.
"ლუკაშენკო მიუახლოვდა წითელ ხაზებს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში საქართველოს ექნება უმკაცრესი პასუხი და რეაგირება ამ ქმედებასა და არამეგობრულ, არაკოლეგიალურ ნაბიჯზე. ჩვენ ველოდებით ბელარუსული მხრიდან შესაბამის განმარტებებს რამ გამოიწვია ეს ნაბიჯი და რას უნდა ველოდოთ. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამის იქით ბატონი ლუკაშენკო აღარ წავა," - ამბობს გიორგი ცაგარეიშვილი
ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოსთვის არამეგობრული ნაბიჯია, რომელიც არღვევს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთოებებს.