პარლამენტის თავმჯდომარე იმ ცხრაკაციან კომისიას შეხვდა, რომელმაც ომბუდსმენობის კანდიდატები უნდა შეაფასოს. კომისიის წევრების განცხადებით, თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით ისინი ინდივიდუალურ შეფასებას დადებენ. კომისიას შეფასებების წარდგენა 13 ოქტომბრამდე შეუძლია. ამის შემდეგ დეპუტატებს ექნებათ ვადა 24 ოქტომბრის ჩათვლით, რომ 7 კანდიდატი შეარჩიონ. სახალხო დამცველის პოსტზე პრეტენზია 19-მა კანდიდატმა გამოთქვა.
კომისიის წევრი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ამბობს, რომ კანდიდატების შეფასებას იმ კრიტერიუმების მიხედვით მოხდება, რომელიც რეგლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაშია გაწერილი. ეს 4 კრიტერიუმია - რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, განათლება და გამოცდილება.
"იმედია, რომ ჩვენი შეფასებები დაეხმარებათ მათ სწორად ორიენტაციაში," - აცხადებს დავით ასათიანი.
ინდივიდუალური შეფასების მიუხედავად, კომისიის წევრები ერთმანეთთან თათბირსა და აზრების გაცვლას გეგმავენ.
"რეგლამენტით ეს არის სრულიად ინდივიდუალური შეფასება, მაგრამ ამ კომისიის სიმდიდრე ის არის, რომ არის მრავალფეროვანი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელია კომისიაში. ჩვენ თავად ვისურვეთ, რომ გვექნება შუალედში გარკვეული თათბირი და აზრების გაცვლა, თუმცა შეფასება იქნება აბსოლუტურად ინდივიდუალური და ინდივიდუალურად წარმოვადგენთ ქულებს, რომელიც განსაზღვრულია დებულებით," - განაცხადა "რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის" განვითარების დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა, რომელიც ასევე შედის კომისიის შემადგენლობაში.
კომისიის კიდევ ერთი წევრი, ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ დეტალურად საუბარს დოკუმენტაციების გაცნობისა და თითოეული კანდიდატის ინდივიდუალური ხედვის გაცნობის შემდეგ შეძლებს.