15 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მკაფიოდ გაემიჯნა ვაშაძის განცხადებას, ეს არის ძალიან კარგი - მამუკა მდინარაძე

კელი დეგნანის განცხადებებზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ჯერჯერობით არ უპასუხია და არც თავად პარტიას გაუკეთებია რაიმე სახის განცხადება.

აშშ-ს ელჩის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა წევრმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც გიორგი ვაშაძის განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ კელი დეგნანმა დაადასტურა ის, რაზეც "ხალხის ძალა" საუბრობდა და ამავდროულად დაადასტურა ის, რომ გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

"ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში ვაშინგტონიდან დაგვიანონსა, რომ ამერიკელებთან იყო შეთანხმებული, რომ ვადამდელი არჩევნებით უნდა შეცვლილიყო ეს ხელისუფლება და რა თქმა უნდა, ეს აღმოჩნდა ტყუილი. შემდგომ, ზაფხულში თქვა, რომ ახლა გავიდეთ შვებულებაში, აქციები არ გვინდა და შემოდგომაზე ტალღები უნდა იყოს აქციებისო და ესეც აღმოჩნდა რა თქმა უნდა ტყუილი და ახლა შეერთებული შტატების ელჩმა საბოლოოდ ამხილა ცრუპენტელა პოლიტიკოსი იმაში, რომ ამბობს ტყუილებს.

შესაბამისად, როდესაც ასეთი პოლიტიკოსი არის პოლიტიკურად გაკოტრებული და ტყუილს ტყუილზე ამბობს, ბუნებრივია, რომ მისი გამოსვლები ვერ შეფასდება სერიოზულად," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საკითხს ეხმაურებიან მმართველ პარტიაში. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის განცხადებები ქვეყნის მტრობას ნიშნავს. მამუკა მდინარაძე მიესალმება იმ ფაქტს, რომ აშშ-ს ელჩი გიორგი ვაშაძის განცხადებებს გაემიჯნა.

"ვაშაძის ეს განცხადებები არის მტრობა ამ ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ხელახალი მცდელობა აქვს მას, რომ ეს ომის რიტორიკა დაატრიალ-შემოატრიალოს პიარულად თემა და მისაღები გახადოს ამ თემაზე საუბარი. ერთი კარგია თუ ასე იყო, რომ ამერიკის ელჩი გაემიჯნა, ჩვენც სწორედ ამას მოუწოდებდით და ვთხოვდით ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს, რომ გამიჯნოდა ამ განცხადებებს და როდესაც მკაფიო პასუხები არ არის, იქ მეტი სივრცე რჩება ხოლმე კამათისა და გაურკვევლობისთვის. პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი მკაფიოდ გაემიჯნა ვაშაძის განცხადებას, ეს არის ძალიან კარგი," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები